ყურადღებით გავეცანი ამ წერილს, რომელიც თავისთავად უკვე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ვიზიარებ და ვეთანხმები მასში მოცემულ ძირითად გზავნილებს. ვთვლი, რომ 2021 და 2030 წლებისთვის მოყვანილი ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებლების მიღწევა სრულიად რეალური და შესაძლებელია.
კითხვა სხვაგვარად დგას: ვინ, ვისთან ერთად და როგორ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? რადგან ქვეყნის წინსვლას ძლიერი და ადექვატური კადრები სჭირდება სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე. გადასახალისებელია პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შტო მუნიციპალიტეტების ჩათვლით.
საქართველოს სამწუხარო რეალობაა, რომ სახელმწიფო სამსახურებში და ბიზნესშიც არის კვალიფიციური და მაღალი ქმედუნარიანობის მქონე კადრების სიმწირე. ეს პრობლემა ჰქონდა წინა ხელისუფლებას, აქვს ამჟამინდელსაც და ეს ფაქტორი გამოწვევად რჩება მომავალი მთავრობისთვისაც.
დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი ქვეყნისა და ერისათვის გადის ეკონომიკაზე, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე გლობალური მასშტაბით. ამიტომ დიდი ყურადღებით ველოდები წერილის სექტემბერში დაანონსებულ გაგრძელებას, რომელშიც, იმედი მაქვს, ვიხილავ უკვე გაჟღერებული ხედვების დეტალიზაციას და განვრცობას, პირველ რიგში საკადრო და ეკონომიკური კუთხით.