დევნილი ოჯახებისთვის  გადაცემული 159 ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა

დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული 159 ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა

თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში 159 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა.

დღეს, პროფესიული კავშირების შენობაში, 57-ერთოთახიანი, 64-ოროთახიანი, 33-სამოთახიანი და 5-ოთხოთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

კენჭისყრის პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი დაესწრნენ.

კენჭისყრის დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

2016 წელს „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 400 დევნილი ოჯახი გახდება.