31 მაისს, 14:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ნიკორა სუპერმარკეტი’’ დიდ დიღომში - მირიან მეფის 26 ნომრის მიმდებარედ არსებულ ბერი ანდრიას ფონდსა და იაშვილის კლინიკას ესტუმრება.
ღონისძიების ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები ბერი ანდრიას ფონდის 57-მდე ბენეფიციარსა და იაშვილის კლინიკის 30-მდე პაციენტს მოინახულებენ. სოლიდური სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ასაკი 2-19 წლამდე გახლავთ.
პატარებს სხვადასხვა სახის ტკბილეული, სათამაშოები და სასაჩუქრე კალათები გადაეცემათ. მათ განწყობაზე კი ილუზიონისტი, ზღაპრის გმირები, ანიმატორები და კლოუნები იზრუნებენ. სურვილის შემთხვევაში ბავშვებს სახეზე მათთვის სასურველი ნახატების დახატვის საშუალებაც ექნებათ. ღონისძიება სადღესასწაულო ტორტის გაჭრით დასრულდება.
ამას გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტის“ სახელით, ბერი ანდრიას ფონდს პირველადი მოხმარების პროდუქციაც გადაეცემა.
„ნიკორა სუპერმარკეტი“ ეცდება აჩუქოს პატარებს ერთი ძალიან ლამაზი და მხიარული დღე.