გიორგი ალიბეგაშვილი და თამარ ტალიაშვილი კონკურსის “თბილისი“ ფარგლებში მონაწილე მოსწავლე - ახალგაზრდებს შეხვდნენ

გიორგი ალიბეგაშვილი და თამარ ტალიაშვილი კონკურსის “თბილისი“ ფარგლებში მონაწილე მოსწავლე - ახალგაზრდებს შეხვდნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან თამარ ტალიაშვილთან ერთად ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის “თბილისი“ ფარგლებში მონაწილე - მოსწავლე ახალგაზრდებსა და წინა წლის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა. 
შეხვედრა „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ გაიმართა, სადაც გიორგი ალიბეგაშვილმა და თამარ ტალიაშვილმა მოსწავლეებს კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს. 
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კონკურსის მიზანი ლიტერატურის, ფერწერის, არქიტექტურის, სკულპტურის, სიმღერისა და ფოტოგრაფიის დარგში მოღვაწე შემოქმედთა აქტივობის ხელშეწყობაა.
„ჩვენი მიზანი ახალგაზრდებში ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა და მათთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნაა“,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. 
მისივე თქმით, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის “თბილისი“ ჩატარების, ნამუშევრების შეფასებისა და გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით 7 წევრისგან შემდგარი ჟიური შეიქმნება, ხოლო გამარჯვებულებს კონკურსის პრიზი-XII საუკუნის არტეფაქტის - ხოხბის გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი და ფულადი ჯილდო გადაეცემათ. 
როგორც თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, თბილისის საკრებულო მზადაა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვას შეეწყოს ხელი. 
მისივე განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ხოლო, ნომინაცია წლის საუკეთესო ესსე-„ჩემი რუსთაველი“, მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. 
მოხსენების შემდეგ, ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის საშუალება მიეცათ, რომლებზეც საკრებულოს წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს. 
დღესვე, შეხვედრაზე მოწვეული ახალგაზრდები დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ ჩაერთვნენ, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის ფარგლებში ხორციელდება.