26 მაისს ხელი მოეწერა „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებას, რომლის ბიუჯეტი 50 მილიონი ევროა და საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამა 2016-2019 წლებში განხორციელდება და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობას, ასევე მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის განვითარების საკითხების კოორდინაციას განახორციელებს. საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფი შეიმუშავებს სოფლის განვითარების სტრატეგიასა და შესაბამის სამოქმედო გეგმას, რაც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) II ფაზის საბიუჯეტო დახმარების კომპონენტში ქართული მხარის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.
დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.
,,ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ზრდისთვის, სოფლის განვითარებას (Rural Development) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამისათვის აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს სოფლის განვითარების ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებასა და ეკონომიკური აქტიურობის ზრდაზე“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს სოფლის განვითარების ეფექტიანი მექანიზმები საერთაშორისო და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე კრისტინა კაზელა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.