კახა კახიშვილი რეკრუტთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

კახა კახიშვილი რეკრუტთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან  დაკავშირებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე რეკრუტთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები და სტუმრები ესწრებოდნენ.

ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, საქართველოს კიდევ ხუთ რეგიონში გაიმართა. ფიცი სულ 432-მა რეკრუტმა დადო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სრულიად საქართველოს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს ულოცავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას უსურვებს.