26 მაისის ღონისძიებაზე მოქალაქეებს საშუალება აქვთ ორ ლოკაციაზე გაეცნონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინტერესო პროექტებსა და სერვისებს. სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდები დღეს ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციები და ტექნოლოგიები. ბევრი ახალი ბიზნესის დაწყებას უწყობს ხელს პირველი ტექნოპარკი, რომელიც წელს გავხსენით და ახლა რუსთაველის გამზირზე ვაკეთებთ დემონსტრაციას, თუ როგორ შეიძლება იდეიდან პროდუქციამდე ძალიან სწრაფად მისვლა. აქ არიან წარმოდგენილნი ის პატარა საწარმოები, რომლებმაც იდეით დაიწყეს, დღეს უკვე წარმოება აქვთ და რეალურად ყიდიან თავის პროდუქციას. ასევე გვაქვს ტურიზმის სტენდი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ 3D ტურებით დაათვალიერონ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდზე წარმოდგენილია ტექნოპარკის ფაბლაბში დამზადებული ნივთები: ინოვაციური ავეჯი, სანათები და დინამიკები, ''პოპულუსის'' ორიგინალური ჩანთები და აქსესუარები, Z4-ის ბზის ხისგან დამზადებული უნიკალური საათები, ბიზნესინკუბატორის სტარტაპის, ''თამაშობანას'' მიერ შექმნილი თამაშები: ამის პატრონმა რა ქნას, ვისი სული გსურს, ორდროშობანა, გათვლები და სასირბილო თამაშობანა, პორტაბელური/საპიკნიკე ნარდი, ლოტო და ''თამაშობანა ზეიმი''.
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს სივრცეში სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ Samsung-ის პროგრამულ უზრუნველყოფასა და სატესტო აპარატურას, რომლებიც სტარტაპებს ინოვაციური პროდუქტების შექმნაში ეხმარება. სტენდთან შესაძლებელია საქართველოში დამზადებული ქართული ონლაინთამაშების გამოცდაც, ხოლო მათ, ვისაც აინტერესებთ თუ როგორ მზადდება პროტოტიპები 3D პრინტერების გამოყენებით, ტექნოპარკის დიზაინერები დაეხმარებიან სასურველი დიზაინის აწყობასა და დაბეჭდვაში. სტენდზე ასევე წარმოდგენილია რობოტების დიზაინის, პროგრამირებისა და მართვისთვის განკუთვნილი პროგრამის ''LEGO რობოტიქსის'' სასწავლო კუთხე მისი შესწავლით დაინტერესებულთათვის.
რაც შეეხება სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სივრცეს, აქ წარმოდგენილია მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, რომლებიც აწყობენ ლაშქრობის იმიტაციას. ტერიტორია გაფორმებულია ლაშქრობისთვის საჭირო სხვადასხვა დეკორაციით, ხელოვნური ბალახითა და კოცონით. მოლაშქრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე განათავსებენ რამდენიმე კარავსა და ლაშქრობისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობას, ხოლო დაინტერესებულ პირებს ჩაუტარებენ მასტერ კლასებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სივრცეში მისულ სტუმარს ასევე შესაძლებლობა აქვს, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ვირტუალურად იმოგზაუროს საქართველოს რომელიმე რეგიონში, ასევე ვირტუალურად გამოსცადოს რომელიმე სპორტული აქტივობა (პარაპლანით დაშვება). აქვეა სიტუაციური ფოტოსტენდი - „რეტრო მანქანა, რომელიც მზად არის სამოგზაუროდ გასასვლელად და ელოდება მგზავრებს“.