დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მოსახლეობას  დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„25 წლის წინ ჩვენ ვოცნებობდით საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ქართულ დროშაზე, ქართულ ჰიმნზე, ქართულ პასპორტზე, ვოცნებობდით ქართულ საბაჟოზე, საქართველოს საზღვრებზე, ჩვენ ვოცნებობდით დამოუკიდებელ ვალუტაზე. დღეს,  რა თქმა უნდა,  ოცნებები განსხვავებულია და ჩვენ რეალურად გვაქვს მონაპოვარი, გვაქვს დამოუკიდებელი საქართველო. მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო დამოუკიდებლობის დღე“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ის მონაპოვარი, რომელიც დღეს გვაქვს,  არის სტიმული, რომ მეტი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდეს ქვეყნისთვის. „დღეს, როდესაც ჩვენ დროის კაფსულაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, სულ სხვა ოცნებები იქნება, რომელიც გულისხმობს ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას. თუ 1993 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ იყო 550 დოლარი, დღეს ეს მაჩვენებელი ხარისხობრივად მეტია. თუ 1993 წელს ჰიპერინფლაცია 15 ათას პროცენტს აჭარბებდა,  დღეს საქართველო ინფლაციის მაჩვენებლით ალბათ ყველაზე წარჩინებული და წარმატებული ქვეყანაა არამარტო რეგიონში. შესაბამისად, ჩვენი სურვილები და ოცნებები იცვლება და ის მონაპოვარი, რომელიც დღეს გვაქვს, არის სტიმული, რომ ვიმოქმედოთ, ვაკეთოთ საქმე, ვაშენოთ ქვეყანა, გვქონდეს ძლიერი, ერთიანი საქართველო იმისათვის, რომ უკვე ჩვენს მომავალს შევუქმნათ საუკეთესო ადგილი ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის და არსებობისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.