ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს 20-21 მაისს ქუთაისმა უმასპინძლა

ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს 20-21 მაისს ქუთაისმა უმასპინძლა

„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ გრძელდება. ფესტივალის II ტურის კონცერტებს  ამჯერად,  ქუთაისმა  უმასპინძლა, რომელიც 20 და 21 მაისს, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ  იმერეთის, რაჭა-ლეჭხუმი-ქვემო სვანეთის, აჭარის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური) ფესტივალის  მონაწილეები - ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.

ხვალ, 24 მაისს, 19:00 საათზე კონცერტები გაიმართება თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრმატულ თეატრში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.  ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი  მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II  ტური, ფინალი და გალა კონცერტი ელის.

შეგახსენებთ, რომ  "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

მეორე ტურის პირველი კონცერტი 6 აპრილს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა, სადაც კახეთისა და ქვემო ქართლის, 12 აპრილს გორის, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე   - შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ. ქუთაისის  შემდეგ, კონცერტები  თბილისში, 24 მაისსა (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი  - თბილისის მონაწილეები) და  ფოთში 30-31 მაისს (ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი  - სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის - ხულოს, შუახევის, ქედის მონაწილეები) გაიმართება. ფესტივალის ფინალი -  შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი - მუსიკა და ქორეოგრაფია.

ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია.

"ხალხურ სიტყვიერებას აქვს თავისი საზომი, თავისი ტრადიციული აზროვნება, ბევრი სპეციფიური ნიშანი, რომლის მიხედვითაც მათ პირველი ეტაპიდან გადაინაცვლეს მეორე ეტაპზე და გადაინაცვლებს ფინალისკენ. ვცდილობთ ვიყოთ ლოიალურები, მაგრამ არის რაღაცეები, რაც არ დაიშვება", -  განაცხადა ჟიურის წევრმა ეთერ თათარაიძემ.

„ეროვნული ფესტივალი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს,  ჩვენი დიდებული განძის, რასაც ჰქვია ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა, მის წარმოსაჩენად. მსოფლიოში ცნობილია და დღესაც ინტერესითა და დიდი სიყვარულით ადევნებენ თვალ-ყურს, გვისმენენ, გვიყურებენ... საოცარი წარტმატებით გამოვდივართ უცხოეთში, შეგვიყვარეს ჩვენ და ჩვენი ფოლკლორიც“, - აღნიშნავს ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი,  ფრიდონ სულაბერიძე.

როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ  მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე,  გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.

"ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტი ჩატარდა ფესტივალის ფარგლებში. მომავალი 2 თვის განმავლობაში-ივნისის ბოლომდე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სანახაობები ელის. ბოლოს ჩატარებულმა კონცერტმა დაგვანახა, რომ უფრო მომზადებულები არიან ფესტივალის მონაწილეეები და წინ მიიწევენ, " - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ.