საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დუშეთის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლები დალოცა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დუშეთის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლები დალოცა

17 მაისს, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი  ილია II საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დუშეთის სალოტბარო სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვაჟა ჩოხელს და თანამშრომლებს   შეხვდა.

სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, პატრიარქის პატივსაცემად რამდენიმე საგალობელი და ხალხური სიმღერა შეასრულეს.

“ვიცით, ეროვნული ცნობიერების გაღვიძებასა და იდენტობის შენარჩუნებაში რა დიდი როლი ითამაშა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მე-19 საუკუნეში. სწორედ ასის იდენტურია და ასეთივე მნიშვნელობა აქვს საქართველოს რეგიონებში სალოტბარო სკოლების გახსნას. რადგან,  ქართული სიმღერა-გალობის  აღდგენა-დამკვიდრება სამომავლოდ უზარმაზარი ეროვნული საქმეა. ქართვლებს, ამაზე უნიკალური უძვირფასესი საუნჯე არ გაგვაჩნია ასეთი დიდი საქმე ითავეს ანზორ ერქომაიშვილმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა  გიორგი დონაძემ და ამისათვის დიდი მადლობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.  რაოდენ სასიამოვნოა, რომ უკვე 17 სკოლა მოქმედებს  საქართველოში, რომლებშიც ჩინებული პროფესიონალები, ლოტბარები, რეგენტებიასწავლიან ქართულ სიმღერა-გალობას,” - აღნიშნა დუშეთის სალოტბარო სკოლის პედაგოგმა, რეგენტმა ლია სალაყაიამ.

შეგახსენებთ, 2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლასა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო. 2016 წლისათვის დაგეგმილია ყველა სალოტბარო სკოლისათვის საკრავებისა და ინვენტარის შეძენა და ინფრასტრუქტურის გამართვა. წარმომადგენლობების (ცენტრების) საქმიანობის ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა - მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ქართულ ფოლკლორში კუთხურობის შენარჩუნება და დამკვიდრება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია სალოტბარო სკოლები  - სიმღერა-გალობა და  ქორეოგრაფიული განყოფილებები, მალე გაიხსნება ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 18 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება.  მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტების მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, მსურველები უფასოდ შეისწავლიან უძველეს ქართულ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას. ასევე სკოლებში დასაქმდებიან ადგილობრივი, პროფესიონალი ლოტბარები.  გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, განათლება უფასოდ მიიღონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. გარდა ამისა, ახალგაზრდებს შეეძლებათ, ჩაერთონ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში, რაც საგრძნობლად გამოაცოცხლებს რეგიონის კულტურულ და ტურისტულ ცხოვრებას.