ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 დევნილი ოჯახისათვის სახლები აშენდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 დევნილი ოჯახისათვის სახლები აშენდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამეგრელოს რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფისა და სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის  პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრო.

პროექტის ფარგლებში,   ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის   14  სახლი აშენდა. აღნიშნულ პროექტში  იმ დევნილ ოჯახებს შეეძლოთ მონაწილეობა, რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნიათ. კერძო სახლები  დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენდა.  საცხოვრებელი სახლების ფართობი კი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა. მნიშვნელოვანია,  რომ განსახლების პარალელურად, 14 ოჯახს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, მცირე გრანტებიც გადაეცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარემონტდა 3 პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული ობიექტი: ახალსოფლის სკოლა, ჯიხაშკარის საბავშვო ბაღი, და ჭკადუაშის მულტიფუნქციური შენობა, რომელიც მოიცავს საბავშვო ბაღს, ამბულატორიას და კომპიუტერულ ცენტრს;

პროექტის მიზანს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილებისა და უკიდურესად გაჭირვებული ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დონის შემცირება წარმოადგენდა. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ  (DRC) განახორციელა.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა სვენდ მონრად გრაუნბოელმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახაბერ რუსიამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები და დევნილი ოჯახებისთვის აშენებული სახლები მოინახულეს.

პროექტის დახურვის ცერემონიალზე  დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა, სადაც შვეიცარიის განვითარების და    თანამშრომლობის სააგენტოს მიერ 10 წლის განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში განხორციელებული პროგრამები იყო ასახული.

გარდა აღნიშნული პროექტისა, სამინისტრო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან.  SDC-ის დაფინანსებით მოხდა 35 ინდივიდუალური სახლის სრული რეაბილიტაცია წყალტუბოში და საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 70 ეკომიგრანტი ოჯახი.