თამარ ხულორდავა  INL-ის ევროპისა და აზიის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

თამარ ხულორდავა INL-ის ევროპისა და აზიის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს ქერი ენავს შეხვდა.

შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაიმართა და მასში უწყების პენიტენციური და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე, საქართველოში აშშ-ის საელჩოს INL-ის სექციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თამარ ხულორდავამ სტუმრებს 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სფეროში  გატარებული რეფორმების, სამომავლო გემებისა და სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროსთან. მათთან პარტნიორობის შედეგად დაინერგა ბევრი სიახლე, მათ შორისაა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია, რომელიც 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. შეხვედრაზე მიმოვიხილეთ გატარებული რეფორმები, ვისაუბრეთ სამინისტროს პრიორიტეტებზე, განვიხილეთ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და თანამშრომელთა გადამზადების კუთხით სამომავლო გეგმები”, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

INL-ის ევროპისა და აზიის ოფისის ხელმძღვანელმა ქერი ენავმა სასჯელაღასრულების სისტემაში ბოლო ბერიოდში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. მისი თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.

,,საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია, რომლის მიზანი სამინისტროსა და პენიტენციური დეპარტამენტის მიმდინარე და დასრულებული რეფორმების ადგილზე გაცნობაა. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ძალიან მომეწონა ნანახი - ინფრასტრუქტურა, გუნდი, მათი ღიაობა ახალი ხედვებისა და რეფორმების მიმართ. მოხარული ვართ განვაგრძოთ თანამშრომლობა ქართულ მხარესთან, რომლის ფარგლებშიც არაერთი პროექტი განხორციელება იგეგმება“, _განაცახდა ქერი ენავმა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა N16 პენიტენციური დაწესებულება მოინახულეს და იქ არსებულ ვითარებას, ინფრასტრუქტურას, მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილ პროგრამებს გაეცნენ. დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო მოედანი, სპორტული დარბაზი, სოციალური მუშაკისა და გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, სასადილო.

სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად მიხანაშვილის თქმით, მე-16 დაწესებულების თანამშრომლებმა პენიტენციური დაწესებულებების მართვის კუთხით სწავლება აშშ-ში სწორედ INL-ის დახმარებით გაიარეს.

დელეგაციის წევრები თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებასაც ეწვივნენ. ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი არსოშვილს შეხვდნენ და პრობაციის სისტემის მუშაობისა და სიახლეების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

საქართველოში INL-ის ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორის ვიზიტი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.