ღვინის მაღაზია და ბარი ახალი კონცეფციით

ღვინის მაღაზია და ბარი ახალი კონცეფციით

დღეს, 16 მაისს,  14.00 საათზე,  თბილისში,  ცინცაძის ქ.N 26-ში (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) ახალი ღვინის მაღაზია-ბარის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრებიან. მაღაზიის გახსნაზე ასევე მოწვეულები არიან მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, ქართული ღვინის ასოციაცია, სომელიეთა ასოციაცია და აშ.

ინფორმაცია

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს 8000 წლიანი ღვინის დაყენების უწყვეტი ისტორია. იტალიელი და ფრანგი მეღვინეებიც კი, საქართველოს 8000 მოსავლის ქვეყანას (country of 8000 vintages)  უწოდებენ. ყურადსაღებია, რომ თბილისში, ტურისტების მომრავლებასთან ერთად, სულ უფრო რთულდება ხარისხიანი ღვინის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა. ამ საკითხის მოსაგვარებლად მაღაზია/ბარი „8000 მოსავალის“ (8000 vintages) დამფუძნებლებმა დააარსეს დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, რომელიც შედგება პროფესიონალი დეგუსტატორებისგან. კომისიის რამდენიმე წევრი როტაციულია, ხოლო ფარული შერჩევა გამორიცხავს მიკერძოებასა და შეცდომის ალბათობას. კომისია ყოველთვიურად არჩევს მაღაზიაში გასაყიდ ღვინოებს, დეგუსტაციის ყველა წესის დაცვით. დღემდე შემოწმებული 400 ღვინიდან მხოლოდ 203-მა დააკმაყოფილა კომისიის კრიტერიუმი და შედეგად,  მაღაზიის თაროზე მოხვდა.

„8000 მოსავალის“ დამფუძნებლებმა დაარღვიეს სტერეოტიპი, რომ ღვინის მაღაზია აუცილებლად ქალაქის ტურისტულ ნაწილში უნდა იყოს და ქალაქის ურბანულ ნაწილში, ცინცაძის ქუჩაზე (საბურთალო) გადმოინაცვლეს. მათი სამიზნე სეგმენტი ქართველი მოსახლეობაა, რომლებიც აფასებენ ხარისხიან, ჯანსაღ ღვინოს. შესაბამისად, ფასებიც საგრძნობლად განსხვავდება ტურისტებზე გათვლილი მაღაზიებისგან. მომხმარებლებს შეუძლიათ დასხდნენ ბარის ნაწილში და მათთვის სასურველი ღვინო, შესაბამის საკვებთან ერთად, დააგემოვნონ თაროს ფასად, მომსახურების ფასნამატის გარეშე.

ბიზნესის განვითარების სტრატეგია ქართული ღვინის მაღაზიების ქსელის გაკეთებას გულისხმობს. დღესდღეობით, ჩინეთის ბაზარი, ეკონომიკური ზრდის ტემპიდან გამომდინარე, მიმზიდველია მრავალი სახის პროდუქციისთვის, მათ შორის ქართული ღვინისათვის. „8000 მოსავალის“ რეგისტრაცია ჩინეთის ბაზარზე უკვე პროცესშია, მალე ქართულ საცალო ვაჭრობის ბრენდს აზიის სხვა ქვეყნებშიც ვიხილავთ. ხოლო, ბრენდის წარმატება, ქართველი ღვინის მწარმოებლების საერთაშორისო ცნობადობასა და გაყიდვებს შეუწყობს ხელს.