მარნეულის მუნიციპალიტეტში მაღალტექნოლოგიური  სასათბურე კომპლექსი ფუნქციონირებს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მაღალტექნოლოგიური სასათბურე კომპლექსი ფუნქციონირებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი მოინახულეს.

პროექტის ფარგლებში, ჩინურმა კომპანიამ „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა“  სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის  ფართობზე  მზის სათბურები, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები ააშენა. კომპლექსი ჯამში 7 დიდ და 25 პატარა სათბურს აერთიანებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების და ბოსტნეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობას.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული სათბურები სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გამოიყენება. სათბურებში  ფერმერებისთვის ტარდება ტრენინგები, სადაც  ფერმერებს საშუალებააქვთ მიიღონ თეორიული  და პრაქტიკული ცოდნა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

,,ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“  1998 წელს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში დაარსდა. კომპანიის  საქმიანობის სფეროს  სოფლის მეურნეობის სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, კონსულტირება  და თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება წარმოადგენს.