პოლო ვალეხოს მასტერკლასი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში

პოლო ვალეხოს მასტერკლასი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში

9-13 მაისს  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში  (მის: დ. აღმაშენებლის გამზ. 68) ცნობილი ესპანელი ეთნომუსიკოლოგი, პედაგოგი და კომპოზიტორი პოლო ვალეხო მასტერკლასს გამართავს. საქართველოს რეგიონების სალოტბარო სკოლების 40-მდე პედაგოგს 5 დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდებათ.  მასტერკლასის მიზანია: ახალი იდეების, თეორიული და პრაქტიკული სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობა, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება.

მნიშვნელოვანია, რომ რეგენტებისა და ლოტბარების გადამზადების კურსი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული მასალის გაცნობით. მონაწილენი ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, როგორიცაა: ცეკვა, სიმღერა, ჩანაწერების მოსმენა და განხილვა, დასარტყამ საკრავებზე დაკვრა და სხვა.

მასტერკლასები ასევე ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების გაცნობას:

შავი აფრიკა: პიგმეებიდან ბუშმენებამდე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციები

მუსიკა და ცეკვა როგორც ცხოვრების ნაწილი

ანტიფონური სტრუქტურები. იმპროვიზაცია

ზომა, რითმი და პოლირითმი

ევროპა: სკანდინავიიდან ხმელთაშუა ზღვამდე

სიმღერები და ისტორიები, ენები, ხმები და ინსტრუმენტები

სოციალური (სახალხო) ცეკვები, როგორც მუსიკალური განათლების საუკეთესო და ეფექტური საშუალება (ხერხი)

ათასწლოვანი ტრადიციები: ინდოეთი, ჩინეთი, და იაპონია (და სხვა…)

პენტატონიკური წყობის სამყარო

შემოქმედებითი და მრავალფეროვანი მუსიკალური მოგზაურობა ენებსა და კოდებში: სიტყვები, მარცვლები, ხმოვანი ბგერები, თანხმოვნები, ლექსები და არა სემანტიკური ტექსტები, რიცხვები, პროპორციები, სურათები

ხელოვნების სხვა დარგების ურთიერთკავშირი მუსიკასთან

საბავშვო და ახალგაზრდული (მოზარდთა) მუსიკალური პროექტები"ფაიარბირდ" Firebird (სტრავინსკი) მოზარდებისთვის და "პეტრუშკა" Petrushka (სტრავინსკი) ბავშვებისათვის

კავშირი "ზეპირ ტრადიციასა" და "კლასიკას" შორის

მაგალითების მოსმენა და განხილვა: ქმედებები რომელებიც წინ უსწრებს, ახლავს ან მოყვება მოსმენას

კურსის მიზანია მონაწილეებმა გაიაზრონ,  მუსიკალური სამყარო არ არის მხოლოდ გამოხატვისა და ემოციის საშუალება, არამედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სწავლების პროცესში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით  საქართველოს მასშტაბით უკვე 16 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. 2016 წელს კი მათი რაოდენობა გაიზრდება. კერძოდ,  სკოლის გახსნა უკვე დაგეგმილია  ცაგერის მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.