საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის" წარმომადგენლების მონაწილეობით ჯანდაცვის სექტორის რეფორმირების საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს მუშაობაში „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერი, „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და საბჭოს სხვა წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ალიანსს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტები განიხილეს.
„ჩვენი თანამშრომლობის პირველი ფაზა უკვე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მომზადებულია დოკუმენტთა კრებული, რომელიც არ არის მხოლოდ რეკომენდაციები, ან მხოლოდ ინიციატივები, რომელიც ქაღალდზეა გაწერილი - ეს არის პრაქტიკული და სრულყოფილი პროგრამა, რომელიც მოიცავს რეფორმების განხორციელების ყველა მიმართულებას. ეს არის როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგია, ასევე მისი კონკრეტული სამოქმედო გეგმა,“ - აღნიშნა ბერნარ კუშნერმა შეხვედრაზე. მისივე შეფასებით, ეს არის საკმაოდ ამბიციური პროექტი , რომელმაც უნდა შეცვალოს ჯადაცვის სისტემა საქართველოში: „პირველადი დოკუმენტი უკვე მზად არის, მზად არის შეთავაზებაც, რომელშიც არის გაწერილი ის პუნქტები, რომლის შესრულებაც უკვე ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტია. მთავარი მიზანი მთელი ამ პროცესისა არის, ის რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, პირველადი ჯადაცვის რგოლზე. ხარისხიანი სერვისების მიღება კი დამოკიდებულია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციაზე, მათ შესაბამის ანაზღაურებაზე, ადმინისტრაციულ, სამედიცინო თუ ეკონომიკურ ფაქტორებზე. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და ახლა წინ იქნება მეორე ეტაპი-იმპლემენტაცია იმ 14 შეთავაზებული პუნქტისა, რომლის დანერგვა და გათვალისწინება უკვე ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა“.
კუშნერმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე. სტრატეგიული დოკუმენტები მოიცავს ჯანდაცვის სფეროს ხარჯეფექტურად მართვის, პირველადი და ელექტრონული ჯანდაცვის ინოვაციური მოდელების ჩამოყალიბების, დაავადებების კონტროლისა და მონიტორინგის, სფეროს მუშაკების სამოტივაციო სისტემის შექმნის პროგრამებს. შემუშავებულია კანონპროექტები, წარმოდგენილია ის კონკრეტული მექანიზმები, რომელიც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კავარცხელიამ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა: „საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრაზე ჯანდაცვის რეფორმის გაგრძელებასა და სისტემის ეფექტიანობის გაზრდის აუცილებლობაზე ვიმსჯელეთ, განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტი. წარმოადგენილი იქნა გარკვეული დოკუმენტები, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გაწეული სამუშაოსთვის ჩვენს კონსულტანტებს და სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ოცდაოთხი საათის რეჟიმში მუშაობდნენ, რათა სათანადო შედეგი მიგვეღო,“ - განაცხადა ვალერი კავარცხელიამ.
მნიშვნელოვანია, რომ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ მოცემული დოკუმენტები მოიცავს რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებას. კვარაცხელიამ ხაზი გაუსვა გადახდების DRG -ს სისტემას და განმარტა: „ჩვენ უკვე გავიარეთ გარკვეული ეტაპი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში და ახლა უკვე დროა ის ხარჯთეფექტური გავხადოთ. ამ შემთხვევაში DRG გადახდების შეუცვლელი, მსოფლიოში ყველაზე მიღებული ფორმაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ექსპერტების მიერ გაწეული კონსულტაციები. მოგეხსენებათ, საქართველოში პირველადი ჯანდაცვა, ფაქტობრივად, თავიდან შესაქმნელია. ყველა, ვისაც თავი ასტკივდება, ჰოსპიტალში მიდის. ამ ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა კი ძვირი ჯდება,რაც ხარჯების საკმაოდ გაზრდას იწვევს. ამიტომ, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. მნიშვნელოვანი საკითხია რეგულაციები ფარმაციის მიმართულებით. ფარმაციის შესახებ კანონში ძალიან ბევრი ცვლილებაა შესატანი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სჯობს ახალ კანონზე ვიმუშაოთ. კონსულტანტებთან ერთად, რისი ფუფუნებაც დღეს გვაქვს. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს კანონი სამედიცინო ნაკეთობების შესახებ, რაც კონსულტანტების მიერ უკვე დაწერილია და მასზე მუშაობას გავარგრძელებთ“.
„გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენი მიზანი იყო, სრულფასოვანი რეფორმის პროგრამის და არა რეფორმის ცალკეული კომპონენტის მომზადება. მოხარული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პირადად მინისტრ სერგეენკოს უდიდესი მხარდააჭერითა და ძალისხმევით, შევძელით ისეთი კომპლექსური პროგრამის მომზადება, რომლის იმპლემენტაციის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვის სერვისებზე, ხარისხიან მედიკამენტებსა და დიაგნოსტიკაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა გაიზრდება. მოხარული ვარ, რომ პირველი ეტაპი წარმატებით უკვე დასრულებულია. ჩვენი და სამინისტროს მხრიდან მართლაც დიდი სამუშაო ჩატარდა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ პარტნიორთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან. მთავარი იყო გაკეთებულიყო შეთავაზება იმ 14 პუნქტისა, რაც ჩვენ შევიმუშავეთ. დღეს პრიორიტეტი არის დაფინანსება, ხარისხიანი სერვისის მიწოდება, პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმირება. ჩვენ არათუ უბრალოდ უნდა ვითანამშრომლოთ, ეს უნდა იყოს მჭიდრო თანამშრომლობა შემოთავაზებული რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმართულებით,“ - - აღნიშნა მალკინმა.