სახელმწიფომ წამლის ხარისხის კონტროლის გაზრდისთვის სანდო მექანიზმები უნდა შეიმუშაოს

სახელმწიფომ წამლის ხარისხის კონტროლის გაზრდისთვის სანდო მექანიზმები უნდა შეიმუშაოს

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება. ფანასკერტელის ინდექსის მიხედვით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში წამლები წინა პერიოდთან შედარებით გაიაფდა და ინდექსი 12.5 პროცენტით შემცირდა.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენამ გაზარდა კონკურენცია, ამასთან ერთად, ლარი გამყარდა და თავად ფარმაცევტულმა კომპანიებმა მოგების მარჟა შეამცირეს. ყველა ეს ფაქტორი  მედიკამენტების ფასის კლებას განაპირობებს.

“არავინ დავობს იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილება მოსახლეობის ჯიბეზე დადებითად აისახება, მით უმეტეს მაშინ, როცა უმუშევრობის დონე ქვეყანაში კვლავ მაღალია და გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობა სოციალურ პრობლემებს მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად,“ - ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება  ჯანდაცვის პლატფორმის კონსულტანტი სალომე შიხაშვილი.

მისივე განმარტებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია წამლის ხარისხის კონტროლის სანდო მექანიზმის არსებობა: „სამწუხაროდ, ჯერჯერობით მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ქვეყანაში არ არსებობს წამლის ხარისხის კონტროლის დამოუკიდებელი სახელმწიფო  ლაბორატორია. ის მცირე ლაბორატორიები, რომლებიც ფუნქციონირებს,   წამლის ქიმიური შემადგენლობის კვლევას არ ატარებენ. არ არსებობს კანონი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში მედიკამენტების კლინიკურ კვლევას დაარეგულირებდა, ქვეყანაში არ გვყავს არცერთი კომპეტენური წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ მედიკამენტების GMP სტრანდარტზე“.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების  ხელშეკრულების ერთ–ერთი ნაწილი, სწორედ წამლის შესახებ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება  და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვებას გულისხმობს. მართალია, 2009 წელს კანონით დასაშვები გახდა ქვეყანაში მედიკამენტების პარალელური იმპორტის წესით შემოტანა, რამაც  კონკურენციის დონე გაზარდა, თუმცა  მოიმატა შემდეგი სახის რისკებმა:

„პარალელური იმპორტის დაწყებას თან ერთვის წარმომავლობის წყაროების შესახებ ინფორმაციისა და იმპორტიორებისთვის დადგენილი ხარისხის სტანდარტების ნაკლებობა. ევროპის ყველა ქვეყანაში მედიკამენტების წარმომავლობის დადგენისა და უსაფრთხო ტრანსპორტირების მკაცრი გაიდლაინები მოქმედებს, საქართველოში კი მედიკამენტის ხარისხის ეს გარანტიები არ არსებობს. საგულისხმოა ისიც, რომ ჯანდაცვის მინისტრმა 2015 წლის უწყების მუშაობის შეფასებისას მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა სწორედ ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედებაზე.როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხარისხის იდეალური უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიძლება დაიზოგოს მთლიან ჯანდაცვაში  დანახარჯების 30 პროცენტი. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ  არსებობდეს პოლიტიკა, რომელიც მედიკამენტების ხარისხის განსაზღვრას უზრუნველყოფს. ქვეყანაში არ არსებობს ხარისხის ადექვატური გარანტიები. ეს გამომდინარეობს, როგორც კანონის შესაბამისი დებულებების ნაკლებობით, ისე შესაბამისი მატერიალურ–ტექნუკური ბაზის არარსებობით. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებამ სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობისა და მედიკამენტების შემოწმების პროცესის შესახებ ამომწურავი, სანდო ინფორმაცია იცოდეს“, - მიაჩნია შიხაშვილს.