სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის  ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. 

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს  დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

ხელშეკრულების საფუძველზე, აჭარის მთავრობას შესაძლებლობა მიეცემა სტიქიით  დაზარალებული ოჯახების განსახლების პროცესში  სამინისტროში შექმნილი ეკომიგრანტთა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა  ბაზით ისარგებლოს. მათ ექნებათ საშუალება საკუთარი პროექტის ფარგლებში აწარმოონ და გამოიყენონ ბაზა. აჭარის მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტში აჭარაში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების მიზნით 3 მილიონი ლარი გამოყო.

ეკომიგრანტთა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა  2015 წელს ევროკავშირის დაფინანსებით  შეიქმნა. 2016 წლიდან კი დაიწყო  ბაზის ფორმირება. ბაზის საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება. საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებაზე განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღება და მათი შეფასება. აღნიშნული ბაზა იქნება ერთიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ხელშეკრულების შესაბამისად, იმ ეკომიგრანტ ოჯახებს რომელთა განსახლება უნდა უზრუნველყოს დევნილთა სამინისტრომ, გარდა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისა, საშუალება მიეცემათ, განაცხადი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც შეავსონ.