სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დღეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მინისტრმა სტუდენტებს სასჯელაღსრულების უწყების შექმნის, სხვადასხვა პერიოდში სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევების, პენიტენციური სისტემის მართვის თავისებურებებისა და იმ სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც რეფორმის ფარგლებში იგეგმება.
კახა კახიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციასა და ამ მოდელის უპირატესობებზე გაამახვილა. მისი თქმით, თუ ადრე პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები დანაშაულის სიმძიმის მიხედვით თავსდებოდნენ, უკვე მათი რისკის მიხედვით დაყოფა მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს ერთმანეთისგან გაიმიჯნონ კრიმინალური სუბკულტურის მქონე პირები და ისინი, რომლებიც ციხეში კონკრეტული მიზეზით მოხვდნენ, თუმცა, კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელნი არ არიან. რისკებს მულტიდისციპლინარული გუნდი განსაზღვრავს.
გარდა ამისა, კახა კახიშვილმა სტუდენტებს სამინისტროს ახალი ინიციატივები გააცნო, რომელთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება, მათ შორისაა ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე მსჯავრდებულთა დასაქმება, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნაკეთობების ონლაინ რეალიზაციის შესაძლებლობა, სამინისტროს მიერ პენიტენციურ და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში დამზადებული პროდუქციის ტენდერის გარეშე შეძენა და ა.შ.
სასჯელაღსრულების მინისტრმა პენიტენციურ ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთათვის გაიზარდა საცხოვრებელი ფართი; გაიხსნა N16 დაბალი რისკის და N6 განსაკუთრებული რისკის დაწესებულებები; შენდება სპეციალური დაწესებულება 14-21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთა/ბრალდებულთათვის; იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულს კონკრეტული ხელობის დაუფლების შესაძლებლობაც მიეცემა. საუბარი პენიტენციური ჯანდაცვის საკითხებსაც შეეხო.
„უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მოწვევით დღეს სტუდენტებს შევხვდით, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ძირითადად, სამინისტროში მიმდინარე რეფორმაზე ვისაუბრეთ. სტუდენტებს უწყებაში სტაჟირების გავლა შევთავაზე, ასევე, დაწესებულებებში შესვლის და პრობაციის სფეროს მუშაობის გაცნობის საშუალებაც ექნებათ. იმედია, მათი სახით მომავალში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროს ბევრი წარმატებული მუშაკი გვეყოლება“, - განაცხადა მინისტრმა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც ძირითადად, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმს; თანამშრომელთა გადაცდომის შემთხვევაში, სამინისტროს რეაგირების; პრობაციის უწყების მუშაობის; პრობაციონერების და მსჯავრდებულების დასაქმების და სხვა საკითხებს ეხებოდა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნვერსიტეტის რექტორის, პროფესორ გურამ მათიაშვილის შეფასებით, დღევანდელმა შეხვედრამ სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ინფორმირებული ვართ სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ, თუმცა მინისტრმა რეფორმა დღეს იმდენად ღრმად, შინაარსობრივად და კონკრეტული მაგალითებით წარმოგვიდგინა, რომ სტუდენტები ძალიან დაინტერესდნენ. ბევრს სისტემაში მუშაობის სურვილიც გაუჩნდა. იმედია, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება“, - განაცხადა გიორგი მათიაშვილმა.
შეხვედრის შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კახა კახიშვილმა უნივერსიტეტში სტუმრობის ფარგლებში, კრიმინალისტიკური და ტელე ლაბორატორიები, ასევე, აუდიტორიები დაათვალიერა.