12 აპრილს სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში ბიზნეს კაფეს რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ბიზნეს კაფე საკონსულტაციო და საძიებო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც პირველივე დღიდან პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით ხორციელდება. ბიზნეს კაფეს შეხვედრას ტრადიციულად დაესწრნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერები და განიხილეს თემა „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა - პაპუნა ტოლიაშვილმა წარადგინა.
ბიზნეს კაფეს პირველი შეხვედრა 2015 წლის ოქტომბერში შედგა. მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც შეხვედრების ფორმატი და განხილული თემების აქტუალობა განაპირობებს. წლის განმავლობაში ინსორსი და პაშა ბანკი კიდევ ოთხ შეხვედრას უმასპინძლებენ.
„ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს ბიზნეს კაფეს მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის წარმატებას. მისი მხარდაჭერა პაშა ბანკისთვის საინტერესოა, რადგან აღნიშნული პროექტი გულისხმობს მაღალი რგოლის მენეჯერებს შორის პროფესიული ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას. ზოგადად, ვცდილობთ ხოლმე, დავაფინანსოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას უკავშირდება და ბიზნეს კაფეც, ალბათ არაპირდაპირ, თუმცა გარკვეულწილად სწორედ ამ მიზანს ემსახურება: აქ ერთმანეთს ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად მონაწილეობენ ამა თუ იმ კომპანიის მართვაში და ყოველდღიურ რეჟიმში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ვფიქრობთ, რომ მათ შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ცალსახად სასარგებლო რამ არის,“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.