სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა.
სტუმრებმა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით შეძენილი სტომატოლოგიური, ექოსკოპიის, რენტგენის, სტერილიზაციისა და სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო აპარატურა დაათვალიერეს. თამარ ხულორდავამ მათ N5 დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები და მსჯავრდებულებისთვის დანერგილი სარეაბილიტაციო პროგრამები გააცნო, დაათვალიერეს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების, სასწავლო და თექაზე სამუშაო ოთახები, საკნები, სამზარეულო, ასევე, ბიბლიოთეკა და სილამაზის სალონი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა აქტიურად არის ჩართული საქართველოში მართლმსაჯულებისა და იუსტიციის სისტემების რეფორმების პროცესში, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი, სწორედ პენიტენციური სისტემის რეფორმირებაა.
„დღეს ჩვენი სტუმრები დაწესებულების სამედიცინო პუნქტებით დაინტერესდნენ, რადგან შარშან სწორედ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის დახმარებით შევიძინეთ აპარატურა, რომლითაც N5 დაწესებულება უკვე აღჭურვილია და ეტაპობრივად აღიჭურვება სხვა პენიტენციური დაწესებულებებიც. ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმირების კუთხით, სისტემის მეტად დახვეწისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ,“ - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის ანა ზეცის განცხადებით, ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში თანამშრომლები გადამზადნენ და დაწესებულება საჭირო სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა. „სასიამოვნოა, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო აპარატურით, რაც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის შედეგია,“-აღნიშნა მან.
ევროკავშირის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორკი კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოუწოდებს მუშაობა ამავე ტემპით გააგრძელოს. „მოხარული ვარ, რომ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა გვქონდა ქალთა პენიტენციური დაწესებულება დაგვეთვალიერებინა. აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის, ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ძალისხმევა და გატარებული რეფორმები პენიტენციური ჯანდაცვისა და მსჯავრდებულების/ბრლდებულების რეაბილიტაციის კუთხით,“ - განაცხადა შტეფან შტორკმა.
სამომავლოდ იგეგმება თანამშრომლობის ახალი ეტაპი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს აქტიური მონაწილეობით.