სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალწლოვანი კულტურების (ხეხილი, ციტრუსი, ვაზი, ჩაი, თხილი) ფართობების რაოდენობამ, 2015 წლის მონაცემებით, 226,143 ჰექტარი შეადგენა, რაც წინა წლების მაჩვენებელს 24 ათასი ჰექტართი აღემატება.
მრავალწლოვანი კულტურების (ძირითადად, თხილი, ვაზი, ხეხილი) ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.
მრავალწლოვანი კულტურების ფართობების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვნად განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა პროექტმა - „დანერგე მომავალი“, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანობის გაზრდა მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით, რაც იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებასა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა.
პროექტი „დანერგე მომავალი“ ორი კომპონენტისგან - ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების თანადაფინანსება - შედგება. ბაღების კომპონენტში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს სახელმწიფო თანადაფინანსება, რომელიც ნერგების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების 50%-ს, ხოლო სანერგე მეურნეობის კომპონენტში კი, პროექტის ღირებულების 50%-ს შეადგენს. პროქეტით უკვე 213-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.