გლდანის გამგეობა და სამხატვრო აკადემია ითანამშრომლებენ

გლდანის გამგეობა და სამხატვრო აკადემია ითანამშრომლებენ

გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, გამგეობა და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ითანამშრომლებენ. 50-ზე მეტი სტუდენტი გლდანის განვითარების პროექტის შემუშავებაში ჩაერთვება.

გამგებელმა სტუდენტთა ერთი ჯგუფი რაიონში მიიწვია. დაათვალიერებინა გლდანის ტერიტორია და  გააცნო ინფრასტრუქტურა. რაიონის გარემოს დიზაინის, საცხოვრებელი, დასასვენებელი და გასართობი ცენტრების  გასავითარებლად  თემები შეთავაზა.

ახალგაზრდებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს გლდანის განვითარების პროგრამის მიმართ და  გაცნობის პროცესშივე ვიზუალური გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი ჩამოაყალიბეს.  პროექტის შექმნისას სტუდენტები ორიენტირებულნი იქნებიან არქიტექტურული გარემოს მოწესრიგებაზე, სასურველი ფერისა და პლასტიკის მორგებაზე, ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიების დაგეგმარებასა და მხატვრულ-დეკორატიულ გადაწყვეტაზე. პარკებში, სკვერებსა და სხვა სარეკრეაციო ზონებში მცირე არქიტექტურული ფორმების თუ მონუმენტების განთავსებაზე.

 ამგვარად შექმნილი გარემო დააკმაყოფილებს საზოგადოების ესთეტიკურ, საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებს.

აღნიშნულ სამუშაოებს სტუდენტთა ჯგუფები სადიპლომო ნამუშევრების სახით წარმოადგენენ, რის შემდეგაც,  კონკურსის სახით, საუკეთესო შეირჩევა და განხორციელდება.

,,პროექტის მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც კრეატიულობის განვითარებას, ისე არქიტექტურული გარემოს ორგანიზებას. ჩვენს რაიონში უზარმაზარი აუთვისებელი ტერიტორიებია, სამუშაო ძალიან ბევრია. ამიტომ გადავწყვიტეთ, შემოგვეტანა ახალგაზრდული ხედვა, რაც ხელს შეუწყობს რაიონის არამარტო ინფრასტრუქტურულ განვითარებას, არამედ ადგილობრივთა საყოფაცხოვრებო და ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. თბილისში მიმდინარე  პროცესებმა მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა გარემოს  დიზაინზე.  სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შესწევთ უნარი, ისტორიული კონტექსტის შესაბამისად, შექმნან მაღალმხატვრული, პროფესიულ დონეზე ორგანიზებული და მოხერხებული არქიტექტურული გარემო“- განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.