ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაციის შექმნას იწყებს. რამდენიმე თვეში უსინთლო ადამიანები „საბასგან“ საჩუქრად მიიღებენ ასობით ხმოვან წიგნს, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული მათზე, რაც ნიშნავს რომ უსინათლოები ამ წიგნის „მოსმენას“ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ.
ამასთან, „საბას“ ხმოვანი წიგნები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, რომლებიც მის ჩამოტვირთვას saba.com.ge-დან შეძლებენ.
ეს იქნება ტექნოლოგიურად დახვეწილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხმოვანი წიგნები. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ მოწყობილობაში, ინტერნეტის გარეშე, აპლიკაციით Saba Reader.
ხმოვან წიგნს ექნება სარჩევი, დაპაუზების, ჩანიშვნის, კითხვის ტემპის რეგულირების შესაძლებლობა...
„საბა“ სთავაზობს მწერლებს, მსახიობებს, ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ ჩაწერონ ან უკვე გააჩნიათ წიგნების აუდიო ჩანაწერები, „საბას“ ამ ახალი პლატფორმის მეშვეობით გადაქციონ თავისი აუდიომასალა ხმოვან წიგნებად და გახადონ ის ხელმისაწვდომი ყველა მკითხველისთვის.
სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები, აუდიოფაილების სახით, მრავლადაა განთავსებული ინტერნეტში, დაცულია ფონდებსა და არქივებში... „საბას“ მაღალტექნოლოგიური პლატფორმა შესაძლებელს გახდის, ნებისმიერი ლიტერატურული აუდიოჩანაწერი, ძველი თუ ახალი, გადაიქცეს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ ხმოვან წიგნად.
იმისათვის, რომ უსინათლო ადამიანებმა სხვის დაუხმარებლად, კომფორტულად შეძლონ „საბას“ ხმოვანი წიგნების ჩამოტვირთვა და მოსმენა, „საბას“ აპლიკაცია ადაპტირებული იქნება უსინათლოთა სპეციალურ ხმოვან პროგრამასთან. პროექტი „ხმოვანი წიგნები“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
ასევე, გიგზავნით ბმულს, სადაც განთავსებულია ფოტოები: https://we.tl/Ps3BZAEv5j