სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მესაქონლეობის ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოში მეცხოველეობის დარგში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა იყო.
შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უწყების მიერ ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ყურადღება ვაქცინაციის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის - სასაკლაოების მოწყობის, სადაც ეტაპობრივად მიმდინარეობს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა, ცხოველთა გადასარეკი ტრასებისა და ბიოუსაფრთხოების პუნქტების მშენებლობაზე გაამახვილა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მეცხოველობის დარგის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხი და ყურადღება „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.