საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) მიაგნო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფშორებში დარეგისტრირებული წილებს იმ კომპანიებში, რომლებიც ოქროს მოპოვებას ეწევიან და ლონდონში უძრავ ქონებას ფლობენ.
როგორც ირკვევა, ალიევის ნათესავები იყენებდნენ პანამაში დარეგისტრირებულ კომპანიებს და ფონდებს, რათა ოქროსმომპოვებელ კომპანიებში და ლონდონში არსებულ უძრავ ქონებაში არსებული თავიანთი წილები დაემალათ.
ჟურნალისტების კონსორციუმს ხელში ჩაუვარდა პანამის იმ იურიდიული ფირმის, Mossack Fonseca-ს დოკუმენტაცია, რომელიც ეჭვმიტანილია ფიქტიური ფირმების და კორპორატიული სტრუქტურების შექმნაში, რათა აქტივების მფლობელთა ვინაობა დამალულიყო.
პრეს-რელიზში არ კონკრეტდება ალიევის ნათესავების ქონების სტრუქტურა, მაგრამ აზერბაიჯანის ლიდერი სამი წლის წინ ერთხელ უკვე მოხვდა ICIJ-ის ყურადღების ქვეშ. მაშინ ჟურნალისტებმა მისი და მისი ოჯახის საიდუმლო ოფშორული კომპანიები გამოააშკარავეს.
აღმოჩენილი დოკუმენტების თანახმად, ალიევმა და მისი მეუღლემ მეხრიბან ალიევამ 2003 წელს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე კომპანია Rosamund International Ltd შეიძინეს. ალიევი, რომელიც მაშინ პარლამენტის დეპუტატი იყო, ამ კომპანიის დირექტორად და თანამფლობელად იყო წარმოდგენილი. ICIJ-ს მიხედვით, კომპანიას იურიდიული სტატუსი ჰქონდა 2004 წლის მაისამდე. ამით, ალიევმა კანონმდებლობა დაარღვია, რომელიც კრძალავს დეპუტატის და პრეზიდენტის მიერ ბიზნესის წარმოებას, რაზედაც ICIJ-ს მიერ გამოკითხული იურისტები საუბრობენ.
როგორც ICIJ მიუთითებს, 2008 წელს ალიევის შვილებმა 19 წლის არზუმ და 23 წლის ლეილამ იმავე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე შეიძინეს კომპანიები Arbor Investments, LaBelleza Holdings Limited და Harvard Management Limited. პირველი კომპანია არზუზზე იყო დარეგისტრირებული, ხოლო ბოლო ორი - ლეილას სახელზე. ეს გარიგება ალიევის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევიდან ორი თვის შემდეგ მოხდა.
მაშინ ICIJ-მა ვერ დაადგინა ამ კომპანიების მოღვაწეობის სფერო, თუმცა დააზუსტა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ყველა ღონე იხმარა, რათა საზოგადოებისთვის ამ კომპანიების არსებობა დაემალათ.
ამ სამი კომპანიის ხელმძღვანელად ICIJ აზერბაიჯანელ ბიზნესმენ ხასან გოზალს ასახელებდა. ამ ორგანიზაციის ინფორმაციის მიხედვით, გოზალი თავის ძმასთან, აბდოლბერისთან ერთად ფლობდა სულ მცირე ათ კომპანიას, რომლებიც ჰოლდინგ Intresun-ში შედიოდნენ, სადაც აბდოლბერი პრეზიდენტი იყო, ხოლო ხასანი - ვიცე-პრეზიდენტი. მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ Intersun-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიიდან რამოდენიმე მსხვილი კონტრაქტი მიიღო და ეს მაშინ, როცა ალიევი პრეზიდენტად გახდომამდე სახელმწიფო სანავთობო კომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
გარდა ამისა, ძმებმა გოზალებმა მოიგეს სახელმწიფო კონტრაქტები ბაქოში და მის გარეთ მშენებლობაზე, რომელთა საერთო მოცულობა 4.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.