ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ბაღდათში მე-16 სალოტბარო სკოლა გახსნა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ბაღდათში მე-16 სალოტბარო სკოლა გახსნა

ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. მარტის მიწურულს, ბაღდათის ახალგაზრდული ცენტრის შენობის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო რიგით მე-16 სალოტბარო სკოლამ.

ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოსვლებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელებმა და სტუმრებმა,  იმერეთის მხარის გუბერნატორმა, მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურულ დაწესებულებათა თანამშრომლებმა, იმერეთის მხარის გამგებლებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა, ასევე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც განაპირობებს სალოტბარო სკოლის ეფექტურ ფუნქციონირებას  ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

„ეს არის ჩვენი სულიერება, რომელსაც მხარდაჭერა, გაფრთხილება და თანადგომა სჭირდება. დღეს, რაც ბაღდათში გაკეთდა ეს არის სრულად საქართველოს ზეიმი. ძალიან გახარებული ვარ“, - გვითხრა ჯემალ ჭკუასელმა.

„დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ, უძველესი მუსიკოსებისა და მომღერლების კუთხეში - ბაღდათში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელშეწყობითა და კულტურის სამინისტროს თანადგომით გაიხსნა ტრადიციული გალობისა და ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელი რიგით მე-16 სალოტბარო სკოლა. ეს არის ერთ-ერთი მნიშნელოვანი საქმე, რაც გაკეთებულა საქართველოში ბოლო დროს“ - აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, სამხარეო ადმინისტრაცია მუდამ მზად არის გვერდში დაუდგეს ფოლკლორის მოყვარულებს და ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და შენარჩუნებას: “საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც კიდევ უფრო გააღმავებს ჩვენს თანამშრომლობას და მხარდაჭერას ფოლკლორის მიმართულებით. იმერთეში ეს უკვე მეორე სალოტბარო სკოლაა, ჩვენ ველოდებით სხავდასხვა მუნიციპალიტეტებში სალოტბარო სკოლების გახსნას, რათა ჩვენი მომავალი თაობა, კიდევ უფრო დაეუფლოს იმ საგანძურს,რასაც ქართული ფოლკლორი ჰქვია“.

„ეს არის მოვლენა, როდესაც ახალი თაობა ტრადიციულ გალობას და ხალხურ სიმღერებს შეისწავლის უფასოდ, ცენტრი მზად არის მხარდაჭერისა და თანადგომისთვის,“ - განმარტა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და აღნიშნა, რომ სამომავლოდ,  ბაღდათის მერე სალოტბარო სკოლების გახსნა იგეგმება ონსა და ცაგერში.

 „ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს ახალგაზრდა თაობაში და რევაზ ლაღიძის, ჯანსუღ კახიძის და ვალერიან ქაშაკაშვილის მშობლიური კუთხე თავის სათქმელს იტყვის ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში,“ - აღნიშნა ბაღდათის სალტბარო სკოლის ხელმძღვანელი კახა ღონღაძე.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით უკვე 16 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს კი მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. კერძოდ,  სკოლების გახსნა ბაღდათის გარდა, უკვე დაგეგმილია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის,  ონისა და  ცაგერის მუნიციპალიტეტებში. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.