„საქართველოს მოსახლეობამ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები უნდა აირჩიოს. ევროპული საქართველოსთვის ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი ტესტი. არჩევნების და საპარლამენტო წლების - 2016-2020 პერიოდში რა პროგრესს და განვითარებასაც მიაღწევს ქვეყანა, ისეთი დემოკრატია, ეკონომიკა და უსაფრთხოება ექნება საქართველოს მიმდინარე საუკუნეში, თუმცა უკეთესი საარჩევნო კოდექსის სურვილითა და მოლოდინით, მაინც ხეიბარი საარჩევნო სისტემა შეგვრჩა!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორი, ეკონომიკის დოცენტი, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი სოლომონ პავლიაშვილი წერს.
ამასთან, პავლიაშვილი გამოდის ინიციატვით, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტართა კანიდატები პარტიებმა კი არა, საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინონ.
„მაჟორიტარი უნდა იყოს შესაბამისის ცენზის, განათლებისა და გამოცდლილების მქონე ადამიანი. ვინც საპარლამენტო ცხოვრებაც იცის, კანონებთან მუშაობა და ხალხთან ურთიერთობაც შეუძლია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ მხარის შვილია, თუმცა ეს სურვილია და არა - დირექტივა. ყველა რაიონს აქვს რესურსი, აირჩიოს თავისი რაიონის (საარჩევო ოლქის) მკვიდრი). მაჟორიტარი არ უნდა იყოს პარტიის დანამატი და პარტიის "ხარჯზე" შეყვანილი პარლამენტში. ეს მოგვცემს დაბალანსებულ პარლამენტსა და თავისუფალ დეპუტატებს, რომლებიც უფრო მეტად ფოკუსირებულები იქნებიან თავიანთი რაიონების ინტერესებზე; ასევე, არ იქნებიან დამოკიდებულნი პარტიულ კონიუქტურაზე; არ იქნებიან პარტიის სპიკერები და „გამპრავლებლები“. ისინი დავალებულნი იქნებიან არა რომელიმე რეკომენდატორის, არამედ, ხალხისა და ამომრჩევლის წინაშე. მე ხმას ვაძლევ დამოუკიდებელ კანდიდატს! შენ?“ - წერს სოლომონ პავლიაშვილი სოციალურ ქსელში.
სოლომონ პავლიაშვილი საპარლამენტო არჩევნებში საგარეჯოს რაიონში აპირებს კენჭისყრას.