ვინ მართავს „გოგირდის აბანოებთან” დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს

ვინ მართავს „გოგირდის აბანოებთან” დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს

აბანოებს დადგენილი გადასახადის გადახდა, ნებისმიერ შემთხვევაში, მოუწევთ მარტის თვის საშინაო ქრონიკებს, – ასწლოვანი ხეტიტას გადარგვის ეპოპეას და იმის გარკვევას, თუ ვის უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი სექსუალაური ცხოვრება აქვს, კიდევ ერთი ბანალური და ისტერიული ისტორია დაემატა, –  უნდა გადაიხადონ თუ არა დადგენილი ტარიფით გოგირდის აბანოებმა წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩაღვრილი წყლის საფასური.

კითხვა რიტორიკულია, თუმცა საკითხი ლოკალური მასშტაბის  ვნებათეღელვის საგნად მაინც იქცა და ამას ხელი შეუწყო ტელემედიის ანგაჟირებული ნაწილის მიერ პროტესტანთა ყოველი ნაბიჯის ელვისუსწრაფესად ასახვამ და დავებში დაძაბულობის მუხტის გაღვივების მათთვის უკვე ჩვეულებრივმა პრაქტიკამ.

თუ დავინტერესდებით საკითხის არა ემოციური, არამედ პრაქტიკული და სამართლებრივი კუთხით, შემდეგ სურათს დავინახავთ:

დავის საგანს, ე.წ. წყალანირების, ანუ კანალიზაციის, მოსაკრებლის გადახდა წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების გარკვეულ წრეებში, ამ თემის ირგვლივ არასწორი შეხედულება არსებობს და ითვლება, რომ  დავა  ეხება გოგირდის წყლების საფასურს, და რომ თითქოს „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი“ გოგირდის წყლის საფასურის გაზრდას ითხოვს.  ეს ასე არ არის, – გოგირდის წყლები, არის ბუნებრივი რესურსი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ლიცენზია და აბანოები გოგირდოვან წყლებს არსებული ლიცენზიით, დადგენილი ტარიფით მოიხმარენ. ამ შემთხვევაში „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი“ ითხოვს მხოლოდ საკუთარი საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაბამის ანაზღაურებას, რომელსაც თავის მხრივ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს.

ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ აბანოების მფლობელებსა და „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებობდა გარკვეული ტიპის შეთანხმება, რომელიც კანალიზაციის ინფრასტრუქტურის გამოყენებაში, თვეში 700 ლარიან ფიქსირებულ გადასახადს გულისხმობდა. თუმცა, თბილისის წყალში, მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, ახალმა ხელმძღვანელობამ, ფაქტია, სრულიად ლეგიტიმურად და ლოგიკურად მოითხოვა ის ანაზღაურება, რომელიც მას სემეკმა დაუდგინა.

სხვა საკითხია, წინა ხელისუფლების პირობებში, რატომ, რის საფუძველზე, ვისსა და ვის შორის არსებობდა ზეპირი 700–ლარიანი შეთანხმება. აქაც ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, თუ ამ საკითხით შესაბამისი ორგანოებიც დაინტერესდებიან, ესეც კარგი იქნება. არსებობს ლოგიკური, გონივრული, თუ როგორიც გენებოთ, ისეთი ეჭვი, რომ „გოგირდის აბანოების“ პროტესტი მართულია და ის იმ ძალების მიერ იმართება, ვისი მიზანიც არის აჩვენოს, თუ რა მძიმე დღეში აგდებს პატიოსან ბიზნესმენებს მტარვალი კომპანია და რა უსუსური და უნიათოა ხელისუფლება მათი კანონიერი ინტერესების დაცვისას...

აბანოების წარმომადგენლები უარს ამბობენ  გადასახადის გადახდაზე, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და სრულიად ალოგიკურად ჯიუტად ითხოვენ სტატუსკვოს ძალაში დატოვებას და მათ პრეფერენცირებულ რეჟიმში ჩაყენებას.

აბანოების მფლობელებს აქვთ გარკვეული არგუმენტები და საკუთარ მოთხოვნებს  იმით ხსნიან, რომ აბანოები კულტურული და ისტორიული ძეგლებია და საქართველოში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა მათ სტუმრობს კიდეც. იქვე აცხადებენ, რომ ახალ (ანუ, რეალურად კუთვნილ) გადასახადს უბრალოდ ვერ გადაიხდიან. იქვე საუბრობენ, რომ მათი კლიენტურის უმრავლესობა არის, ასე ვთქვათ, 3 ლარიანი კლიენტურა, რომელიც გოგირდის აბანოების საერთო განყოფილებებში ტანის დასაბანად დადის და მათგან მიღებული შემოსავალი გაზრდილ ხარჯებს ვერ გასწვდება. კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ GჭP მათგან გადასახადს 24 საათის განმავლობაში ითხოვს (24 საათის განმავლობაში ჩაედინება წყალი წყალარინების სისტემაში), ხოლო ისინი 24 საათიან რეჟიმში დატვირთვით არ მუშაობენ.

მოდით, გონების თვალით შემოვიაროთ გოგირდის აბანოები, გავეცნოთ მათ საფასო პოლიტიკას და მსჯელობა ამის შემდეგ განვაგრძოთ.

გოგირდის აბანოებს კარგა ხანია აქცენტი აღებული აქვთ VIPP კლიენტურაზე და ფეშენებელური ნომრების გაქირავებაზე. მათი ფასი, საათობრივად 50 დან 200 ლარამდე მერყეობს და არცერთი ამ ნომერთაგან კლიენტურის სიმცირეს, წელიწადის არცერთ დროს, არ უჩივის. ფეშენებელური ნომრების კლიენტურას თანაბრად წარმოადგენენ როგორც უცხოელი სტუმრები, ისე გოგირდის აბაზანების მოყვარული ჩვენი თანამემამულეები. ნომრები დატვირთულია, როგორც დღისით, ისე ღამის საათებში (შესაძლოა, ღამის საათებში მეტადაც კი). ძალიან მარტივია აბანოების შემოწმება ქრონომეტრაჟის მეთოდით და რეალობის დადგენა, თუ საშუალოდ რა დღიურ ბრუნვაზე გადის ეს კომპლექსი და თითოეული მისი სუბიექტი. თუ ეს ჯერ არ გაკეთებულა, აუცილებლად გასაკეთებელია. სხვაფრივ, კი ძნელი წარმოსადგენია, რატომ ვერ უნდა შეძლოს თითოეულმა ამ ბიზნესსუბიექტმა წყლის გადასახადის, როგორც ამბობენ, საშუალოდ თვეშ 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა.

ეს არის ბიზნესის ერთი კარგი მიმართულება და მხოლოდ მისასალმებელია, რომ ქალაქში გამართულად ფუნქციონირებს ისტორიული სიძველის ეფექტის მქონე, რეკრეაციულ–გამაჯანსაღებელი უბანი.

მაგრამ, ამასთან ერთად, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბანოები ჩვეულებრივი ბიზნეს სუბიექტები არიან და მათი კომუნალური გადასახადები უნდა იხდებოდეს ისე, როგორც ეს მიღებულია სხვა ნებისმიერი არასაყოფაცხოვრებო აბონენტისთვის. გაუგებარია, რატომ უნდა მიენიჭოს პრივილეგია აბანოს და რატომ უნდა იხდიდეს დადგენილი ტარიფით გადასახადს, მაგალითად საავადმყოფო, სკოლა, პურის ქარხანა და სხვა, ხოლო აბანო კი არა.

მარტივი ბიზნეს–ჭეშმარიტებაა, – თუკი დადგინდება, რომ ეს ბიზნესი არარენტაბელურია, მაგრამ მისი არსებობის კულტურულ–ისტორიული ასპექტი იმდენად მნიშვნელოვანია (და ეს ასეცაა), რომ ის აუცილებლად უნდა არსებობდეს, მაშინ საკრებულომ და მერიამ უნდა გამონახონ ფორმები და გზები და დოტაციაზე უნდა აიყვანონ. გადასახადი კი, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად და სკურპლუოზურად უნდა გადაიხდეს. ამას დიდი ეკონომიკურ ცოდნა და გამჭრიახობა არ ესაჭიროება.

აბანოების მფლობელების პროტესტზე საკუთარი პოზიცია პოზიცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პოზიციაა, რომ სემეკი არსებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად ადგენს ტარიფებს ყველა მომხმარებლისთვის და ბუნებრივია მარეგულირებლის კომპეტენციას სცდება რომელიმე კონკრეტული მომხმარებლისთვის განსაკუთრებული ტარიფის შემუშავება.

ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალე და ტრანსფარენტულია, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები და მისი შემუშავების სპეციალური მეთოდოლოგია. იმ შემთხვევაში თუ კომპანიის მხრიდან მომხმარებლის უფლებები ირღვევა, აბონენტს ცივილური გზებით, გასაჩივრების სხვადასხვა საშუალება აქვს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, აბანოების წარმომადგენლების მხრიდან არცერთი საჩივარი კომისიაში ამ დრომდე არ შესულა. პრინციპში, ეს ბუნებრივიცაა რადგან, ამ შემთხვევაში, სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლაში აბანოების მფლობელები უპირატესობას ვერ ფლობენ. მათ არსენალში მხოლოდ ემოციებზე თამაში და შანტაჟის ელემენტებით გაჯერებული ქმედებები რჩება.

მიმოვიხილოთ ისიც, თუ რა მოიმოქმედა დავის პრცესში „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა“ და რამდენად ჯდება მისი ქმედებები ერთი მხრივ, სამართლებრივ და მერე მხრივ ლოგიკის ჩარჩოებში.

GჭP-იმ გოგირდის აბანოების დირექტორებს შესთავაზა დაგროვილი დავალიანების (გადანაწილება გონივრულ ვადაზე. თუმცა მათ არ სურთ შეთავაზების განხილვა და ამბობენ, რომ მხოლოდ ძველი (700 ლარიანი)  გადასახადის გადახდაზე არიან თანახმა.

გოგორდის აბანოების გადასახადის გადაუხდელობის გამო GჭP-იმ მიმართა სასამართლოს, მოხდა აბანოების ქონების დაყადაღება უზრუნველყოფის მიზნით (და არა მათი ანგარიშების, რისი სამართლებრივი უფლებაც ასევე ჰქონდა GჭP-ის), რათა არ მომხდარიყო აბანოების ფუნქციონირების შეჩერება და განაცხადა, რომ კომპანია მოქმედებს  ცივილიზებული გზით და საკითხის გადასაჭრელად სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

მოვლენათა განვითარების ლოგიკა გვკარნახობს, რომ ამ ბანალური დავის გამოყენებას კიდევ ბევრჯერ შეეცდებიან ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესით ანთებული ესა თუ ის ძალები, თუმცა შედეგი დადგება ერთი – აბანოებს დადგენილი გადასახადის გადახდა, ნებისმიერ შემთხვევაში, მოუწევთ. ასეთია ბაზრის კანონი და მიტომ.