საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების, მართვის და ანალიზის ჯგუფი, ბენეფიციარებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობელთა ჯგუფთან შედგა, რომელსაც გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე და საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების, მართვისა და ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მშობლებმა აღნიშნეს, რომ მათი ძირითადი პრობლემა ადაპტირებული გარემოა; აუცილებელია ხალხმრავალ ადგილებში მეტი სივრცე იყოს გამოყოფილი შშმ პირებისთვის. აქცენტი გაკეთდა მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ინვენტარით დახმარებაზე. გლდანის რაიონის გამგებელმა და საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, თუ როგორ შეიძლება შშმ პირების ჩართვა სრულფასოვან საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
,,საზოგადოების ნაწილისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ასოცირდებიან უნარშეზღუდულ ადამიანებთან, რომელთაც არ შესწევთ ძალა იცხოვრონ დამოუკიდებლად და მუდმივად საჭიროებენ სხვის დახმარებას. ისინი იწვევენ სიბრალულს, მაგრამ არასდროს თანასწორობის შეგრძნებას. სოციუმში დამკვიდრებული ამგვარი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. შშმ პირები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ აქტიური ცხოვრების რიტმში და დაიკავონ ადგილი ჩვენს გვერდით.“- აღნიშნა ბესიკ ქარცივაძემ.