ლარის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, სამმა წამყვანმა სააფთაიქო ქსელმა PSP–მ, ავერსმა და ფარმადეპომ რამდენიმე ასეულ, ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტზე, მკვეთრად შეამცირეს ფასები.
ლარის კურსის გამყარების დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში, ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებზე ფასების შემცირება გაგრძელდება. იმავეს პირდება მომხმარებელს PSP-ს ადმინისტრაციაც დღეს გავრცელებულ განცხადებაში. „ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით 500-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები დავწიეთ. ლარის გამყარებისა და დასტაბილურების შემთხვევაში, ფასების შემცირება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება“-აცხადებენ პსპ-ში. ავერსმა, მედიკამენტებთან ერთად, ფასები შეამცირა აფთიაქში წარმოდგენილ თითქმის ყველა პროდუქციაზე, მოვლის საგნებზე, ბავშვთა კვებასა და აქსესუარებზე, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე
ბოლო პერიოდი ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლების ტენდენციით ხასიათდება. ეს ტენდენცია შენარჩუნდა ლარის დევალვაციის პროცესის მიუხედავადაც. ექსპერტთა ნაწილი წამლებზე ფასების შემცირების პროცესს იმ პოზიტიურ მოლოდინსაც უკავშირებს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა ბაზარზე ახალი მსხვილი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის შემდეგ. რეალურადაც, „ჰუმანითის“ მიერ იმპორტირებული სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები მინიმუმ 30 %–ით იაფი ღირს ანალოგებთან შედარებით.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ჯანდაცვის პლატფორმა“ ხელმძღვანელის ნინო ფოფხაძის მიერ დღეს გავრცელებული მოსაზრებით, ფასების კლების ტენდენცია მომავალშიც შენაჩუნებდა მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა ლარის გამყარების პროცესი. იგი ფარმაცევტული ბაზრის ბოლო დღების ყველაზე მნისვნელოვან სიახლესაც ეხმაურება და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ GPC–ის სააფთიაქო ქსელის შესყიდვის ფაქტსაც მედიკამენტებზე ფასების კლების კონტექსტში განიხილავს.
„ამ გარიგებით სერიოზულად ძლიერდება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ბანკის ჰოლდინგში შედის და მასშტაბურ აქტივებს ფლობს როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის, ისე ჰოსპიტალურ სექტორებში. ახალ რეალობაში ამას ემატება GPC –ის გამართული სააფთიაქო ქსელი, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან დიდი ლოიალობით სარგებლობს. ეს ყველაფერი კი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ კომპლექსურად აძლიერებს. კომპანიის უკან დგას „საქართველოს ბანკი“, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის შესაძლებლობებიც, პრაქტიკულად შეუზღუდავია. ეს გვაფიქრებინებს, რომ GHG ფარმაცევტულ ბაზარზე გრძელვადიანი გათვლით შედის და მედიკამენტები, ახლა უკვე მისსავე სააფთიაქო ქსელში, იქნება კიდევ უფრო იაფი, დღეს არსებულ ფასებთან შედარებით.
ჩვენი ორგანიზაციის აზრით, მოვლენათა ამდაგვარი განვითარება გარდაუვალია. ერთი მხრივ, სახელმწიფომ რეალურად აამუშავა კონკურენციის წამახალისებელი ბერკეტები, ხელი შეუწყო ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშეების გამოჩენას და ბაზარი უკვე ხასიათდება ფასების კლების ტენდენციით. მეორეს მხრივ, თუ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს საკუთარ აფთიაქებში არ ექნება დაბალი ფასები, ის დარჩება მხოლოდ მისივე კლინიკების და სადაზღვევოს კლიენტების ამარა, რაც უარყოფითად აისახება როგორც კონკრეტულად მის ამ ბიზნესზე, ისე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოიწვევს იმავე დაზღვეულთა და GHG–ის საავადმყოფოების კლიენტთა მზარდ უკმაყოფილებას“, აცხადებს ფოფხაძე.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენციის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე დადებით ფაქტორად მიიჩნევს GHG–ის მიერ GPC–ის შეძენის ფაქტს და ფიქრობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება, რაც „ჰუმანითის“ შემოსვლის შემდგომ წამლებზე ფასის კლების გაძლიერებულ ტენდენციას შეუქცევად ხასიათს მისცემს. თუმცა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გარიგების დასახელებული ფასი 14 მლნ აშშ დოლარი, შეუსაბამოდ მცირეა GPC -ის ქსელის, GPC -ის ბიზნესის რეალურ ღირებულასთან მიმართებით და ეს გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს.
„ვფიქრობ, ამ გარიგების მონაწილე ორივე მხარემ საზოგადოებას უნდა გააცნონ საკუთარი არგუმენტები, თუ რატომ შეთანხმდნენ ასეთ დაბალი ფასსზე. ფარმაცევტული ბიზნესი საზოგადოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია და სოციალური სტაბილურობის ელემენტებს შეიცავს. ამდენად, თითოეული გარიგება, მით უფრო ასეთი მასშტაბის, როცა ძირეულად იცვლება ბაზრის სურათი, მოითხოვს სრულ გამჭვირვალობას. თავის მხრივ, შესაბამისი მარეგულირებლებიც რეალურად უნდა დაინტერესდნენ ამ გარიგებით.“, – მიაჩნია გულბანს.