ჰონდმა „ჰუმანითი“, რომელიც ახლახანს დაფუძნდა, პირველი აქტივობა განახორციელა. მ. ზოდელავას ჰემატოლოგიურ ცენტრს ჰუმანიტარული დახმარების სახით 78 000 აშშ დოლარის ღირებულების პრეპარატი ნიუბორტეზი გადაეცა.
ფონდი „ჰუმანითის“ დირექტორის სესილი გოგიბერიძის განცხადებით, ფონდი დაფუძნდა საზოგადოებაში ჰუმანიზმის, კაცთმოყვარეობის, ურთიერთდახმარებისა და თანაგრძნობის იდეის პოპულარიზაციის მიზნით.
„თანამოაზრეებთან ერთად ფონდის დაფუძნება გადავწყვიტეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ჰუმანურ საწყისს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად მოჭარბებულად გააჩნია, ჩვენს რთულ დღევანდელობაში ჯერ კიდევ ესაჭიროება გაღვივება და ერთ დიდ სიკეთედ ქცევა. ფონდი „ჰუმანითი“ არის არაკომერციული ორგანიზაცია და ჩვენი მიზანია საზოგადოების თითეულ წევრს, თითოეულ ჩვენთაგანს, ხელი შევუწყოთ, რომ ის პოზიტიური მუხტი, რასაც ადამიანური ბუნება ატარებს, მაქსიმალურად გავხსნათ და ვაქციოთ კონკრეტულ საქმეებად, კონკრეტულ ადამიანებზე ორიენტირებულ სიკეთედ. ვეცდებით ჰუმანიზმისა და სიკეთის ფერხულში ჩავაბათ მთელი საზოგადოება. ჰუმანიზმი და სიკეთე ნამდვილად გადამდებია და გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი აქტივობებით ამ პროცესს კეთილმოქმედ კვალს დავატყობთ.
გვაქვს ამბიციური მიზნები და კონკრეტული გეგმები. ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც ჰუმანიზმის იდეა უპირატესია. ასეთია მთლიანად საზოგადოება, ამდენად, ვფიქრობ, ჩვენს წამოწყებას დიდი მხარდაჭერა ექნება.
ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ფონდის ერთ–ერთი პირველი ნაბიჯი ასეთი მოცულობითი და წარმატებული გამოდგა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფარმაცევტულ კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“, რომელიც გულისყურით მოეკიდა ჩვენს წამოწყებას და საკუთარი სახსრებიდან გამოყო მასშტაბური ჰუმანიტარული რესურსი. ის ონკოლოგიური პრეპარატები, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის მათ ჩვენს ფონდს გადმოსცეს, მიზნობრივად მივა ადრესატებამდე და მათ საკმაოდ პრობლემურ ყოფას, დარწმუნებული ვარ, საგრძნობლად შეამსუბუქებს, როგორც ჯანმრთელობის შენარჩუნების, რაც უმთავრესია, ისე მატერიალური თვალსაზრისითაც.
მინდა იმედი გამოვთქვა, რომ უახლოეს მომავალში ჰონდ „ჰუმანითის“ სხვა უამრავი გულშემატკივარი და შემწე დაუდგება გვერდით და ერთობლივი ძალისხმევით უამრავი სიკეთის კეთებას შევძლებთ“, – განაცხადა პრეს–კონფერენციაზე სესილი გოგიბერიძემ.
მ. ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის წრმომადგენლის ნინო შარაშენიძის თქმით, მათი პაციენტებისთვის ამ ძვირადღირებული პრეპარატის ჰუმანიტარული ხაზით მიწოდება სერიოზული შეღავათი იქნება. „მხოლოდ დიდი მადლიერება შემიძლია გამოვხატო ამ აქციის ორგანიზატორების მიმართ. თითოეული ასეთი ნაბიჯი მძიმე სენთან მებრძოლ ადამიანებს და მათ ოჯახებს უმტკიცებს იმედს, რომ ისინი პრობლემებთან მარტონი არ არიან. ასეთი შეხიდება და მათთვის დადებითი ფსიქოლოგიური ფონის შექმნა კი, დამერწმუნეთ, გაჯანსაღების პროცესში მედიკამენტოზურ მკურნალობაზე არანაკლები მნიშვნელობისაა. ჰუმანიტარული ხაზით ჩვენთვის გადმოცემული ეს უაღრესად საჭირო პრეპარატი, პაციენტებზე გაიცემა დაგენილი რეცეპტული წესით, ჩვენივე კლინიკის შენობაში მდებარე „ფარმადეპოს“ აფთიაქის მეშვეობით. მადლობა მინდა გადავუხადო „ფარმადეპოს“ ადმინისტრაციას, რომელთაც ამ პრეპარატის სათანადოდ შენახვისა და გაცემის პროცედურა აიღეს თავზე“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.
ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ანდრი კუზმას თქმით, მისი კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და ზოგადად ჰუმანიზმის იდეა პრიორიტეტულია და ეს „ჰუმანითი ჯორჯიას“ სახელწოდებაშიც არის გახმოვანებული. „მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ფონდ „ჰუმანითის“ და პირადად ქალბატონ სესილის ამ ძალიან საჭირო და დროულ წამოწყებაში. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა და ფონდის პირველივე კეთილი საქმის მონაწილენი გავხდით. ჩემის მხრივ, შემიძლია დავპირდე მათ, რომ დღევანდელის მსგავსად, შესაძლებლობის ფარგლებში, „ჰუმანითი ჯორჯია“ ყოველთვის იქნება ფონდ „ჰუმანითის“ გულშემატკივარი და მათი აქტივობების მხარდამჭერი“.