კომპანია „ნატახტარმა“ რაგბის გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს ივენთ ჰოლში უმასპინძლა, სადაც დიდ ეკრანზე სოჭიდან საქართველო-რუსეთის რაგბის თამაშის ტრანსლაცია გაიმართა.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, "ნატახტარისთვის" ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტია.
„რა თქმა უნდა, საკონტრაქტო პირობებით არ ამოიწურება მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა. თავიდანვე, 2008 წლიდან, ჩვენი მიზანი იყო რაგბის ქომაგის კულტურის განვითარება და რაგბის, როგორც სპორტის განვითარება. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და რაგბის მოყვარულებს, ყოველთვის უქომაგონ საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს“, - განაცხადა კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯრმა ნინო სურმავამ.
კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისულმა გულშემატკივარმა გამარჯვება იზეიმა - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთის ნაკრებთან ევროპის ერთა თასის მატჩი გამარჯვებით - 24:7 დაამთავრა.
„როგორც ყოველთვის, რუსეთი ჩვენი ბიჭების პრინციპული მოწინააღმდეგეები არიან. თამაში ზედმეტად დაძაბული გამოდგა. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ბიჭი გვაკლდა - გორგოძე, ნარიაშვილი არ იყო. ბევრი ტოპ-მორაგბე გვაკლდა, შედეგი მაინც ყოველთვის ის არის, რაც უნდა იყოს და იქნება“, - განაცხადა გულშემატკივარმა გიორგი გორდეზიანმა.
„არ არის ახალი, რომ რუსეთთან თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია ჩვენთვის. ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი. ევროპის ჩემპიონატზე ვართ ფავორიტები“, - განაცხადა გულშემატკივარმა გიორგი ჭანიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია "ნატახტარს" შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში 1 მილიონ ლარს მიიღებს. ამით კომპანია „ნატახტარი“, რვა წლის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას კიდევ ოთხი წლით გაახანგრძლივებს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებისთვის პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 ათასი ლარის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ კომპანია ქართული რაგბის სპონსორი 2008 წლიდანაა.