„ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს მიუძღვნა
„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ორგანიზებით ვენაში ქართული არქიტექტურის გამოფენა გაიხსნა. “კონტინენტების გადაკვეთაზე“ - ასე ჰქვია ექსპოზიციას რომელიც დედაქალაქის გამორჩეულ ნაგებობებს აერთიანებს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან დღემდე. კომპანიის სათაო ოფისის - რინგტურმის ცნობილ საგამოფენო სივრცეში 60-მდე შენობის დიდი ზომის ფოტოებისა და რამდენიმე მაკეტის დახმარებით მოწვეული სტუმრებისთვის თბილისი ერთგვარი აღმოჩენა გახდა.
საქართველო ერთ-ერთია იმ 25 ქვეყნიდან სადაც „ვენის სადაზღვევო ჯგუფია“ წარმოდგენილი.
„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად კულტურულ და სოციალურ პროექტებს აქტიურად ახორციელებს, ჯგუფმა გამოფენა თბილისზე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს მიუძღვნა.
ექსპოზიციის გახსნას „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიუნტერ გაიერი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გიგიაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გიუნტერ გაიერი, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე : "10 წელია „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ თქვენს ქვეყანასთან მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენ გვსურდა ეს გამოფენა ჩვენი ერთგვარი მოლოცვა ყოფილიყო თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთვის და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი საქართველოსა და ევროპას შორის."
პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში მსხვილი ინვესტორის საქმიანობა არამხოლოდ ამა თუ იმ კომპანიის წარმატებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მისი რეპუტაციისთვის და საინვესტიციო კლიმატის გაძლიერებისთვის. „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“, როგორც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი სადაზღვევო კომპანია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორი ქვეყნების კულტურული და სოციალური კუთხით წარმოჩენას. ამით, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპასთან დაახლოების საკითხში.“
გიორგი გიგიაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: „ასეთი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს უფრო მეტად წარმოჩენა ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს ჩვენს ქვეყანას და შესაბამისად უფრო დიდი ინტერესი გაჩნდება მის მიმართ. ასეთ ღონისძიებებს აქვს ეკონომიკური დატვირთვაც, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.“
ვენაში თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ამსახველი სრული ფოტო მასალა კატალოგის სახითაც გამოიცა. გამოფენა „კონტინენტების გადაკვეთაზე“ ავსტრიის დედაქალაქში 27 აპრილამდე გაგრძელდება.