გლდანის რაიონის გამგების მიერ, რაიონის ოთხივე საუბნო ტერიტორიაზე მოხდა დაზიანებული სივრცეების აღწერა-კლასიფიცირება: შიდაკვარტლური გზები, სკვერები 295 ერთეულით განისაზღვრა, რაც ასი ერთეულით მეტია შარშანდელთან შედარებით. აღსანიშნვია, რომ არანაირი სამუშაოები და სივრცის მოწყობა აღნიშნულ ტერიტორიებზე ათეული წლების განმავლობაში არ მომხდარა. ათეულობით ტერიტორიის მოწყობა კი პირველად ხორციელდება. თითოეული ობიექტის დაზიანებების აღმოსაფხვრელად და მოსაწყობად ხელშეკრულება გაფორმებულია კონტრაქტორებთან, რომლებმაც სამუშაოები ფართო მასშტაბით გაშალეს და თითოეულ ობიექტს, როგორც ფრაგმენტულად, ასვე მთლიანი მოცულობით დაამუშავებენ და აღადგენენ. სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.
გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ, მოადგილეებთან ერთად მოინახულა რაიონში მიმდინარე და დამთავრებული ობიექტები. ასევე დაათვალიერა სპორტული მოედნებისა და სკვერების მოსაწყობად შერჩეული ტერიტორიები. გამგებელი შეხვდა და გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით განხორციელდება სამუშაოების დაგეგმვა.
ზემოაღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება ხდება გამგებელთან ყოველდღიურ შეხვედრებზე, ასევე, საზოგადოებრივი საბჭოების ბენეფიციარებთან (მრავალშვილიანი დედები, შშმ პირები, ახალგაზრდები, სოც.დაუცველები, ომის ვეტერანები და ა.შ.) გამართულ ყოველკვირეულ შეხვედრებზე.