საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც თბილისის სამ საავადმყოფოს შეეხებოდა, დასკვნით ფაზაშია. ტენდერის ბოლო ეტაპზე გავიდა ავსტრიული კომპანია ალფამედიკი, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK, Keppie, The Health Partnership, FESP.
ტენდერის დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს საპარტნიორო ფონდსა და კონსორციუმს შორის ხელშეკრულების გაფორმებას, აღნიშნული სამი საავადმყოფოს მმართველობა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელით განხორციელდება.
რას ნიშნავს კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის მოდელი და რით გამოირჩევა ის სხვა მოდელებისაგან, ამ თემაზე ვესაუბრეთ ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში თენგიზ ვერულავას:
ბატონო თენგიზ, როგორ შეაფასებთ მდგომარეობას ჰოსპიტალურ სექტორში და მიგაჩნიათ, რომ მას რადიკალური ცვლილება სჭირდება?
- საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში არსებული პრობლემები, უმთავრესად, სისტემური ხასიათისაა და სისტემურ მოწყობასთან არის დაკავშირებული. მსოფლიო პრაქტიკა იცნობს შემდეგი ტიპის საავადმყოფოებს: სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი; კერძო, არამომგებიანი; კერძო მომგებიანი და სახელმწიფო-კერძო პარტნიორული სამედიცინო ორგანიზაციები. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2005 წლის მონაცემებით, ზოგადი პროფილის საავადმყოფოს 60% წარმოადგენდა კერძო არამომგებიან სამედიცინო ორგანიზაციას, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოები შეადგენდა 22 %-ს, ხოლო კერძო, მომგებიანი საავადმყოფოები - 18 %-ს. ამ მხრივ, საქართველოში მხოლოდ ორი ტიპის სამედიცინო დაწესებულებებია წარმოდგენილი: მომგებიანი, ანუ კომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უმრავლესობას შეადგენს და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები. ესეც ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ბევრ ასპექტში ამოვარდნილია მსოფლიო პრაქტიკიდან და მისი განვითარების გზა არ შეესაბამება არსებულ გამოცდილებას.
ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში, საავადმყოფოების მესაკუთრეობის სხვადასხვა ფორმის არსებობა დაკავშირებულია თავად ჯანდაცვის დარგის თავისებურებებთან. ჯანდაცვის ბაზარი არსებითად განსხვავდება ეკონომიკის სხვა სფეროებისგან. განსხვავებულია ჯანდაცვის ბაზარზე მოქმედი სუბიექტების ქცევაც. ჯანდაცვის ბაზარზე მომხმარებლები, ანუ პაციენტები, ნაკლებად არიან კომპეტენტური, შეაფასონ მიღებული მომსახურების ხარისხი, განსაზღვრონ მისი საჭიროება, ან შეადარონ მომსახურების ფასი მის ხარისხს. შედეგად, ექიმი, ანუ მიმწოდებელი, განსაზღვრავს პაციენტისათვის, ანუ მყიდველისათვის საჭირო სამკურნალო-დიაგნოსტიკურ სერვისებს, ჩვეულებრივი ბაზრისგან განსხვავებით, სადაც მიწოდება მყიდველზეა დამოკიდებული. ამგვარად, სამედიცინო ბაზარზე მოთხოვნას განსაზღვრავს მიმწოდებელი,ანუ სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო ბაზარზე მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის არსებული ინფორმაციის ასიმეტრიულობის გამო, მიმწოდებელს უფრო მეტი ინფორმაცია გააჩნია, ვიდრე მომხმარებელს. მომწოდებელს შეუძლია, მის ხელთ არსებული ინფორმაციული უპირატესობით სტიმული მისცეს პაციენტისათვის რაც შეიძლება მეტი რაოდენობით მომსახურების მოთხოვნას. ამ ფენომენს ჯანდაცვის ეკონომიკაში უწოდებენ მიწოდებით წარმოებულ მოთხოვნას - supplier induced demand.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საჭიროა ჰოსპიტალური სექტორის რეფორმირება, მისი დაახლოება იმ გამოცდილებასთან, რაც მსოფლიოში დაგროვდა.ამ მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის მესაკუთრეობის სხვადასხვა ფორმის განვითარების ხელშეწყობა.
თბილისის სამი საავადმყოფოს, ვგულისხმობ ონკოლოგიურ ცენტრს, რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, განვითარებას ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდი გეგმავს ე.წ. PPP მოდელით. რას ნიშნავს კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობა? რა დადებითი მხარე აქვს მას და რით გამოირჩევა ის სხვა მოდელებისაგან?
- საქართველოსათვის განსაკუთრებით აქტუალურია ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის განხორციელება. ისეთი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სადაც ჯანდაცვის სექტორი არასაკმარისად ფინანსდება, ხარჯების შეკავების მიზნით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პრაქტიკის ფორმირება და განვითარება. კერძო ორგანიზაცია ვალდებული იქნება, კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის პრინციპით, სახელმწიფოსთან ერთად მოახდინოს საავადმყოფოების მართვა, ფლობა და ოპერირება.
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელისათვის უმთავრესად დამახასიათებელია სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების სარგებლების, რესურსების, რისკების, პასუხისმგებლობის ერთმანეთს შორის განაწილება.სოციალურად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტა ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის ურთიერთთანამშრომლობით. ამასთან, ეს თანამშრომლობა გრძელვადიანია. ასევე, მნიშვნელოვანია, კერძო ბიზნესის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ხარისხის კონტროლის მექანიზმების არსებობა.
ჯანდაცვაში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ლიდერები არიან დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ. დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პრინციპებით განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი, რაც დაფინანსებული პროექტების, დაახლოებით, 22 %-ია. დიდი ბრიტანეთის გამოცდილება ადასტურებს ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთქმედების ასეთი ფორმატის გამოყენების ეფექტიანობას და პერსპექტიულობას.
ამჟამად, საქართველოში შესაბამისი რეგულაციების არარსებობის გამო, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ჯანდაცვის ობიექტებთან მიმართებაში კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების თანაარსებობის შესახებ კანონის შექმნაზე.
როგორც ცნობილია, სამი საავადმყოფოს განვითარების პროექტის ფარგლებში, იგეგმება პერსონალის გადამზადება. რამდენად შეცვლის ეს პროექტი ჰოსპიტალურ სექტორს და რამდენად აისახება ეს პერსონალის სამუშაო პირობებსა თუ პაციენტების მომსახურების ხარისხზე?
- პერსონალის გადამზადება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტია. იგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჰოსპიტალურ სექტორში სამედიცინო მომსახურების ხარისხის, პერსონალის სამუშაო პირობების გაზრდას. ხშირად სახელმწიფოს არ აქვს შესაძლებლობა, გარკვეული სამედიცინო მომსახურება მაღალი ხარისხით მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეს. ამიტომ სახელმწიფო შეკვეთების შესასრულებლად კერძო სამედიცინო ორგანიზაციებთან დებს ხელშეკრულებას. კერძო სამედიცინო დაწესებულებები დაინტერესებულები არიან სახელმწიფოსთან ასეთი თანამშრომლობით, რადგან იგი მათ საშუალებას აძლევს, გაზარდონ თავიანთი ცნობადობა და მოიზიდონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო შეკვეთის განსახორციელებლად კერძო სამედიცინო ორგანიზაციების შერჩევა კონკურსის საფუძველზე უნდა მოხდეს, სადაც ყურადღება მიექცევა სამედიცინო მომსახურების სათანადო ხარისხს და მასზე მონიტორინგს.
ბევრი პაციენტი მიდის საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ზემოთ დასახელებული სამი საავადმყოფოს ახალი მოდელი შეცვლის ქართული მედიცინის მიმართ მიდგომას? რამდენად გაუჩნდებათ ნდობა ქართველ პაციენტებს და თუ ისარგებლებენ ისინი სწორედ საქართველოში მოქმედი კლინიკებით?
- ცხადია, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჰოსპიტალური სექტორის შემდგომ განვითარებაზე, როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების, ასევე, პაციენტთა კმაყოფილების თვალსაზრისით. ამას ადასტურებს მრავალი კვლევა. თუმცა, მნიშვნელოვანია სამედიცინო კადრების კვალიფიკაციის დონე, რომლის ამაღლებას და შესაბამისად, ნდობის მოპოვებას წლები სჭირდება.