ტენდერი, რომელიც თბილისის სამი დიდი საავადმყოფოს განვითარებისათვის იყო გამოცხადებული, დასასრულს უახლოვდება. დეტალური შესწავლის შედეგად საუკეთესო პროექტად დასახელდა ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK, Keppie, The Health Partnership, FESP. ტენდერის დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს საპარტნიორო ფონდსა და კონსორციუმს შორის ხელშეკრულების გაფორმებას, აღნიშნული სამი საავადმყოფოს მმართველობა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელის მიხედვით განხორციელდება.
მმართველობის ამ მოდელს ეხმაურება ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს, ახლანდელი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი მამუკა მახათაძე.
„სამწუხაროდ, ამ მოდელის შესახებ პრაქტიკული თვალსწაზრისით, ჯერჯერობით, არაფერი ვიცი, გარდა თეორიულისა. ზოგადად, ბიზნესში მიღებული და აღიარებული მოდელია, თუმცა ის პრინციპი არ ვიცი, რომლითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იხელმძღვანელებენ. კერძოდ, ამ მოდელის რა კომპონენტები იქნება გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მასზე ინფორმაცია არ გამაჩნია და მას შემდეგ, რაც ეს გახდება ცნობილი, შეგვეძლება ვისაუბროთ მის შესაძლო შედეგებზე. ზოგადად, ეს მოდელი კარგია, თუ მას სწორად გამოიყენებენ,“ - განაცხადა მამუკა მახათაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის მნიშვნელოვანია ის, თუ რას მოიტანს მისი დანერგვა.
„რა უნდა მოგვცეს ამ მოდელმა შედეგად, რა უნდა გაზარდოს, იქნება ეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ხარჯთეფექტურობა. სწორედ ეს ფაქტორებია მნიშვნელოვანი, თუ რას ემსახურება ეს მოდელი“ - აღნიშნავს ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს, ახლანდელი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი.
როგორც ალფამედიკის კონორციუმის სატენდერო განვითარების ხელმძღვანელმა, ლეო მაკკენამ განმარტა - „PPP მოდელის სარგებელი ასეთია: ხარისხის ფასთან თანაფარდობა – კონკურენტული სატენდერო პროცესების მეშვეობით PPP მოდელის ხარჯთეფექტურობა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზეა გათვალისწინებული. ჩვენ გპირდებით, რომ განვახორციელებთ PPP პროექტს, თავიდან ბოლომდე, თანამედროვე და ეფექტიანი საავადმყოფოების დაპროექტებიდან და მშენებლობიდან, ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედი კლინიკის ოპერირებამდე დაფინანსების კონკურენტული და სტრუქტურული მოდელით“.