სოციალური ინიციატივა “რა გაწუხებთ?” მოსახლეობის გამოკითხვას ისახავს მიზნად. კითხვარების შევსება ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში უკვე დასრულდა, თუმცა ვებგვერდზე www.1505.ge კვლავაც ხელმისაწვდომია. გამოკითხვამ უნდა გამოავლინოს მოსახლეობის საჭიროებები და მოლოდინები ჯანდაცვის სფეროში. 16 000-ზე მეტი ადამიანი იანვრის ბოლოდან უკვე გამოკითხულია.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი თინათინ კიკაბიძე გვესაუბრა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე. მისი აზრით, გამოკითხვას სწორად შერჩეული ჯგუფები უნდა ახდენდნენ. შედეგიანი რომ იყოს გამოკითხვა, ოჯახებში უნდა მივიდნენ და ისე გამოკითხონ.
ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აღნიშნულ ინიციატივას „გლობალური ალიანსი“ ახორციელებს. გამოკითხვის შედეგებსაც ერთობლივ რეფორმებში ასახავენ. თინათინ კიკაბიძე თვლის, რომ დასავლური ხედვის გაზიარება მნიშვნელოვანია.
„ნამდვილად მნიშვნელოვანია უცხოური გამოცდილების გაზიარება. თუნდაც ბაზრის კვლევა, სწორი სტრატეგიების დასახვა. გამოცდილი ხალხის აზრი უფრო მნიშვნელოვანია და გამოსადეგია.“
რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს, თინათინ კიკაბიძე მიიჩნევს, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და მეტად უნდა იყოს დაფინანსებული.
„პირველადი ჯანდაცვის თვალსაზრისით დაფინანსება უფრო მეტი უნდა იყოს, წლის ბოლოს თანხები მილეულია და ყოველთვის ვერ გათვლი იმ მოთხოვნებს, რაც არსებობს. რაც მეტი თანხა ჩაიდება, უკეთესი იქნება.“– ამბობს თინათინ კაკაბაძე.