ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასები თებერვალში 4,5 %-ით შემცირდა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ „ფანასკერტელის ინდექსის“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ფასები უფრო მეტად იმპორტირებულ მედიკამენტებზე მცირდება, რაც იწვევს „ფანასკერტელის ინდექსის“ კლებას. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ფასების კლება დროში ემთხვევა ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას. ახალი კომპანიის წამლები, არსებულთან შედარებით, 30 %-ით იაფია. „ეს გარემოება ცხადყოფს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისი კონკურენციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს“, - აცხადებს აფბა.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება, რა კავშირია ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ფასსა და ახალი მოთამაშის გამოჩენას შორის.მისი აზრით, ფარმაცევტული ბაზარიც ჩვეულებრივი ბიზნესის წესებით იმართება, სადაც „ჰუმანითი ჯორჯიას” გამოჩენამ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაამკვიდროს:
„ახალი მოთამაშის ბაზარზე გამოჩენა, რასაკვირველია, გაზრდის კონკურენციას. ბიზნესის ანა-ბანა გახლავთ, რომ ძლიერი კონკურენტის გამოჩენისას უნდა შეელიო შენს მადიან წარსულს და შეძლო სიახლის დანერგვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრებისკენ წახვალ. თუმცა, შავი პიარი უკვე აუგორეს ამ ახალ კომპანიას, თითქოს „ჰუმანითი ჯორჯიას“ იაფი წამლები უხარისხოა. ჩემი აზრით, ეს ზედმეტი შფოთის დანერგვის სურვილია და კონკურენციის არცთუ პატიოსანი გამოვლინება“, - აცხადებს ექსპერტი.
ცისკარიშვილის აზრით, გარკვეული წამლების ნაწილი დროებით გაძვირდა, რასაც ასევე, „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას უკავშირებს:
„ჰუმანითის“ შემოსვლის საფრთხე იგრძნეს ადგილობრივმა ფარმაცევტულმა სუბიექტებმა და გაიზარდა ფასები, რომ რაც შეიძლება დიდი თანხა მოაგროვონ, ვიდრე კონკურენციის გამო, ფასების დაკლება მოუწევთ“.
ექსპერტის განცხადებით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია იაფი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა:
„უფრო მკაფიო და სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ პაციენტებს, რომელ აფთიაქში რომელი წამალი რა ფასად იყიდება.მუდმივი ინფორმაცია უნდა იყოს ინტერნეტსივრცეში მაინც. ექიმები, რომლებიც თავისუფალი არიან ნებისმერი სახის გავლენისგან, ითვალისწინებენ ხალხის ფინანსურ პრობლემებს და ცდილობენ, უფრო იაფი წამლები გამოწერონ,“ - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.