დევნილებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ

დევნილებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით  დევნილებს  C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ.    სკრინინგი, დევნილებთან ერთად, მინისტრმა სოზარ სუბარმაც  გაიარა.    

სკრინინგი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა N6-ში, 136 დევნილი ოჯახისათვის  გადაცემული კორპუსის ტერიტორიაზე განლაგებულ მოძრავ ამბულატორიებში  ჩატარდა.

"უკვე შევთანხმდით, რომ კვირის ბოლოს უფასო სკრინინგს დავიწყებთ ზუგდიდში და მოვიცავთ მთელ დასავლეთ საქართველოს. ყველა დევნილს, კომპაქტურად ჩასახლებაში მცხოვრებს თუ ინდივიდუალურად განსახლებულს შეუძლია მოვიდეს და ყოველგვარი გადასახადის გარეშე სრულიად უფასოდ გაიკეთოს ანალიზები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დევნილებს   C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არსებული სიახლეები, პროგრამის მიმდინარეობის პირველადი შედეგები გააცნო და დაავადების დამარცხების პროცესში სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქციები 2015 წლიდან დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაც დაავადების დროულ გამოვლენას, მკურნალობას და მის სრულ ელიმინაციას ემსახურება.