ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის დირექტორი, ირინა ჭელიძე ჯანდაცვის სამინისტროსა და ,,გლობალური ალიანსის“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას დადებითად აფასებს. აქციის - ,,რა გაწუხებთ?“ მიზანია საზოგადოებამ ჯანდაცვის სექტორში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე საკუთარი მოსაზრებები გამოხატოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკითხვის ინიციატორებს სურთ, მოუსმინონ მოსახლეობას:
,,მივესალმები ხელისუფლების მზაობას, მოუსმინოს მოქალაქეებს და გაითვალისწინოს მათი აზრი. გამოკითხვის ინიციატორებს აინტერესებთ, როგორ გრძნობს მოსახლეობა თავს, როგორ აფასებს ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობას, რა აზრისაა მიმდინარე პროექტებზე.რაც მთავარია, აინტერესებთ, რომელ სექტორში უფრო მეტი პრობლემაა, რათა მიზნობრივად განახორციელონ რეფორმები და იპოვონ გადაჭრის სწრაფი და ეფექტიანი გზები,“– აღნიშნა ირინა ჭელიძემ.
ასოციაციის დირექტორის აზრით, საინტერესო იქნება გამოკითხვის შედეგები, რაც სავარაუდოდ, ნაკლებად აქტუალურ თემებსაც გამოკვეთს: ,,მეტად საინტერესო იქნება გამოკითხვის შედეგები, რადგან ყველას მიერ აღიარებულ პრობლემებთან ერთად, შესაძლებელია, გამოიკვეთოს ამჟამად ნაკლებად აქტუალური თემებიც.“
ირინა ჭელიძე ჯანდაცვის სამინისტროს გამოწვევებს შორის ჯანდაცვის პირველი რგოლის ეფექტიან გამართვასა და მიმდინარე პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას მიიჩნევს. მისი აზრით, მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ამ დროისთვის ვირუსით დაავადებული 3000 ადამიანიდან 2700 განიკურნა.