სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N5 პენიტენციურ დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა.
მსჯავრდებული ქალბატონებისთვის სიმღერები ქართული ესტრადის ცნობილმა წარმომადგენლებმა შვილებთან ერთად შეასრულეს.
ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად მიხანაშვილი, თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ია მაქაცარია და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თათა ტალიაშვილი დაესწრნენ.
კონცერტს ხელოვნებათმცოდნე ნიკა წულუკიძე უძღვებოდა, მონაწილეებს შორის იყვნენ თემურ წიკლაური, ლაშა ღლონტი, ზურა მანჯავიძე, გიორგი ხუციშვილი, ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“, ლადო ჯანელიძე, ზურაბ მანაგაძე და სხვები შვილებთან ერთად.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა N5 პენიტენციური დაწესებულების ქალბატონ მსჯავრდებულებს 8 მარტი მიულოცა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და თბილისის მერიამ განუმეორებელი ზეიმი აჩუქა იმ ქალბატონებს, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში. მინდა მათ და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო 8 მარტი,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
ვიცე-მერ ნინა ხატისკაცის განცხადებით, დედაქალის მერია მსჯავრდებული ქალბატონებისთის სარვამარტო განწყობის შექმნას შეეცადა. „ჩვენ კონცერტის გზით მივულოცეთ ქალბატონებს 8 მარტი, იმედი გვაქვს, მომავალ წელს, როდესაც კვლავ მოვალთ ამ დღეს მე-5 დაწესებულებაში, მათი დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლებული იქნება,“-განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
8 მარტი მსჯავრდებულ ქალბატონებს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმაც მიულოცა. მან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზების ხელშეწყობისთვის, თბილისის მერიას კი კონცერტის ჩატარებისთვის გადაუხადა მადლობა.