სოციალური ინიციატივა რა გაწუხებთ? იანვრის ბოლოდან ჯანდაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო ჯგუფ გლობალური ალიანსის მონაწილეობით დაიწყო.მოსახლეობა სპეციალურ კითხვარებს პასუხობს იმის გასარკვევად, თუ როგორია მათი საჭიროებები და პრობლემები ჯანდაცვის სფეროში. ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრებში გამოკითხვა დასრულდა და 16 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. ამჟამად გრძელდება ინტერნეტ გამოკითხვა. კითხვარების შევსება ვებ-გვერდზე www.1505.ge. გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა გახდეს სამინისტროს საქმიანობაში.
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას ჯანდაცვის სამინისტრო „გლობალურ ალიანსთან“ ერთად ახორციელებს. ამ პროექტით ჯანდაცვის სისტემაში ხარჯთეფექტურობა უნდა ამაღლდეს, დანახარჯებში მედიკამენტების წილი და მეორეული და მესამე დონის ჯანდაცვის დატვირთვა კი შემცირდეს.
აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, პროფესორი ავთანდილ იმედაძე ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე გვესაუბრა:
„პირველადი ჯანდაცვის გარეშე არ არსებობს ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემა. მისი დახმარებით გაძლიერდება პაციენტთა დაავადებების პრევენცია, დაავადებების ნაადრევი გამოვლენა. ვფიქრობ, ამ პროფილის უფრო მეტი სახელმწიფო დაწესებულებები უნდა არსებობდეს და მაშინ ვითარება უკეთესი იქნება.“
სავადმყოფოს ხელმძღვანელი გამოეხმაურა და პოზიტიურად შეაფასა „გლობალური ალიანსის“ მცდელობა, ამაღლდეს ჯანდაცვის პროგრამების ეფექტურობა:
„ვიცნობ ამ კომპანიის წარმომადგენლებს, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ესენი არიან პროფესიონალები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ჯანდაცვის სფეროში. მათი ხელმძღვანელია ისეთი პროფესიონალი, როგორიცაა კუშნერი. მათი მთავარი კონცეფციაა, რაც შეიძლება მეტად გაძლიერდეს სახელმწიფო მმართველობა. მიმაჩნია, რომ ეს დროზე უნდა გაკეთდეს. უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო კლინიკები და სამინისტროს ჩართულობა იყოს მაღალი. მიმაჩნია, რომ ამ საქმეში უცხოელების ჩართულობა აუცილებელია. უმჯობესია მათი გამოცდილების გაზიარება, ვიდრე ჩვენ გამოვიგონოთ ახალი მიმართულებები. შეიძლება ყველაფერში ვერც დავეთანხმოთ, მაგრამ თანამშრობლობა აუცილებელია“.