საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ფოთის მერი ირაკლი კაკულია ფოთში, გორგასლისა და ტაბიძის ქუჩებზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს.
გორგასლის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში 43 დევნილი ოჯახი, მათ შორის უმრავლესობა აფხაზეთის ომის ვეტერანი, 1993 წლიდან ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, შენობა ამ დრომდე გაზიფიცირებული არ იყო. ობიექტის გაზიფიცირებისათვის საჭირო ხარჯები სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო, პროექტირების საფასური კი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსდა.
ასევე სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდა ფოთში, ტაბიძის ქუჩაზე ორი კორპუსის გაზიფიცირების სამუშაოებიც, სადაც ჯამში 77 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
„იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტის“ ფარგლებში, აღნიშნულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცათ.