სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ჯგუფის ხელმძღვანელ ჯუდით კემბელთან ერთად N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია. დაწესებულებაში მათთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში ამერიკის საელჩოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში მრჩეველი ენტონი სტრეველერი.
თამარ ხულორდავამ სტუმრებს დაწესებულების საცხოვრებელი საკნები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული სწავლების ოთახი, სამზარეულო, სასადილო, სამედიცინო პუნქტი და სპორტული მოედანი დაათვალიერებინა. გარდა ამისა, დაწესებულების თანამშრომლებმა ჯუდით კემბელს იმ პროგრამებისა და კურსების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სტუმრებთან უკვე განხორციელებული პროექტების გარდა, სამომავლო თანამშრომლობაზეც იმსჯელეს. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საქართველოში აშშ-ს საელჩო აქტიურად თანამშრომლობენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან. გვქონდა შესაძლებლობა სტუმრებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამები გაგვეცნო, რომლებიც დაბალი რისკის დაწესებულებაში ხორციელდება. სამომავლოდ, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ვგეგმავთ ისეთი პროფესიული კურსების დანერგვას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროფესიის დაუფლების საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე კულინარიის კურსების დანერგვაზე ვმუშაობთ, რადგან ეს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა ჩვენს ბაზარზე“,-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
საქართველოში ამერიკის საელჩოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში მრჩევლის ენტონი სტრეველერის განცხადებით ვიზიტის მიზანი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად ახალი სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება და ციხის მართვის ახალი კონცეფციების დანერგვაა.