პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული პროდუქცია ონლაინ მაღაზიის მეშვეობით გაიყიდება

პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული პროდუქცია ონლაინ მაღაზიის მეშვეობით გაიყიდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულებს მათ მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული პროდუქციისა და ნაკეთობების რეალიზაციის  საშუალება ეძლევათ.

„პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში უკვე დაწყებულია. გუშინ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, დღეს კი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, პატიმრობაში მყოფი პირის მიერ დამზადებული პროდუქცია, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით და კონტროლით ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევა, ე.წ ონლაინ მაღაზიის გამოყენებით გაიყიდება. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. მაღაზიის შექმნასა და მისი მუშაობის ორგანიზებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ საქმიანობის პირობები და პროდუქციის სახეობები კი, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი მსჯავრდებული ამზადებს სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს - მინანქრისა და თექის ნაწარმი, ხის ნაკეთობები და სხვა. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს „პატიმრობის კოდექსის“ არსებული რედაქცია არ ითვალისწინებდა. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები კი, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის სხდომაზე უყრიან კენჭს.