თბილისში დიოდური სანათების მონტაჟის პროგრამაში კიდევ ერთი კომპანია ჩაერთო. „სინათლის ქალაქმა“ ამჯერად კავსაძის ქუჩაზე დანიური კომპანიის “Hesalight”-ის მიერ წარმოებული LED სანათები დაამონტაჟა. დანიური კომპანიის წარმომადგენლებმა პილოტ პროექტის განხორციელების სურვილი ცოტა ხნის წინ გამოთქვეს და სანათების მონტაჟისთვის ლოკაცია თავად შეარჩიეს. კავსაძის ქუჩაზე 90 კილოვატიანი, სულ 9 სანათი დამონტაჟდა.
თბილისში „სინათლის ქალაქმა“ დიოდური სანათების მონტაჟის უკვე მე-12 პილოტ პროექტი განახორციელა. LED სანათები უკვე დამონტაჟებულია თამარ მეფისა და ბარათაშვილის ხიდებზე, აკაკი ბაქრაძის, კოტე აფხაზის, ლეხ კაჩინსკის, ჯავახიშვილისა და ლეონიძის ქუჩებზე, ასევე ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე, მელიქიშვილის გამზირზე და აეროპორტის შესასვლელთან.
დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60–70%-იან ეკონომიას იძლევა.