საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსის“ დახმარებით, ჯანდაცვის სამინისტრომ წამოიწყო პროგრამა „რა გაწუხებთ?“. ინიციატივა გულისხმობს მოქალაქეების გამოკითხვას და მათი საჭიროებების გამოვლენას. კითხვარის შევსება ვებგვერდზე www.1505.ge და ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულ ოფისებშია ხელმისაწვდომი.
პროგრამას გამოეხმაურა ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი და „სახალხო კრების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი ბათიაშვილი.
„ეს, თავისთავად, ძალიან კარგი და დროული ინიციატივაა. ნებისმიერ უწყებას, რომელსაც საქმე აქვს საზოგადოების და მოსახლეობის მომსახურებასთან, პულსზე უნდა ედოს ხელი და რეალურად იცოდეს, რა არის მთავარი ტკივილი,მოთხოვნა. ასე რომ, თავისთავად ეს ძალიან სწორი ღონისძიებაა“, - აცხადებს ირაკლი ბათიაშვილი.
მან ასევე ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების შესახებ და აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე მაღალი ფასები სერიოზული დარტყმაა მოსახლეობისათვის.
„მთავარი პრობლემა, რასაც ვხედავ, არის ფარმაცევტული პროდუქციის ძალიან მაღალი ფასები. როგორც ჩანს, ჩვენთან ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობა არ არის ისე დარეგულირებული, რომ მედიკამენტები, რომლებიც ესოდენ სჭირდება მოსახლეობას, ხელმისაწვდომი იყოს. მითუმეტეს, ამდენი დაავადების და პანდემიების პირობებში. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. და მეორე, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა. შესაბამისად, ჯანდაცვის მომსახურების საჭიროება ჩვენი მოქალაქეებისათვის არის ძალიან დიდი ტვირთი“, - მიიჩნევს ირაკლი ბათიაშვილი.
პრობლემების გარდა, ირაკლი ბათიაშვილმა ისაუბრა ჯანდაცვის სფერო მიღწევებზეც და ამ თვალსაზრისით, გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა:
„დიდად კომპეტენტური არა ვარ ამ სფეროში, მაგრამ მე, როგორც მოქალაქემ, მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ხელმოსაჭიდი შედეგი რაც მიიღო ამ ხელისუფლებამ, არის სწორედ ჯანდაცვის სფერო. ასეთი შედეგები, სამწუხაროდ, ბევრი არ არის. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, ამაზე ბევრი ლაპარაკობს. საყოველთაო ჯანდაცვის მექანიზმმა ძალიან ბევრ ადამიანს მისცა სერიოზული შეღავათი. ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამინისტროებზე უკეთ მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმ