დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში, თუმცა სიმძიმეს ახლავს თავისი სინათლე. რომ არ ყოფილიყვნენ კოჯრის გმირები, რომ არ ყოფილიყო მარო მაყაშვილი, რომ არ ყოფილიყო ეს თავდადება სამშობლოსთვის საქართველო დღეს არ იარსებებდა და არ იქნებოდა რუკაზე მისი ადგილი. სწორედ მათ გამოა, რომ დღეს აქ ვარ და სწორედ მათ ხსოვნას მივაგებთ პატივს და სანამ ეს ბრძოლა იქნება მანამდე საქართველო ყოველთვის იქნება ძლიერი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდამ მივაგოთ პატივი ჩვენს გმირებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ, ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.