სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის: მდგრადი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოში“ დახურვაში მიიღო მონაწილეობა.
პროექტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „Hilfswerk Austria International” მიერ ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან“ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
პროექტი ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული და ის 26 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის“ შედეგების შესაჯამებლად იმ სამინისტროს, სახელმწიფო უწყებების, მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც პროექტის განხორციელების პროცესში იყვნენ ჩართულები. შეხვედრაზე პროექტის შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენება გაიმართა.
პროექტის დახურვის ღონისძიებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილიც მონაწილეობდა.
თამარ ხულორდავამ იმედი გამოთქვა, რომ პროექტში მონაწილე მხარეებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მსგავსი პროექტების მნიშნველობა ძალიან დიდია.
„მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია სამინისტროსთვის ერთერთი პრიორიტეტია. ამ პროცესში პირობით მსჯავრდებულთა სოციალური უნარების განვითარებასთან ერთად, დიდ როლს ასრულებს მათი პროფესიული სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა. ორგანიზაციამ „Hilfswerk Austria International” და ქალთა ასოციაციამ „თანხმობა“ მეტად საინტერესო პროგრამა შემოგვთავაზა, რაც მსჯავრდებულთა სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით ავსტრიულ გამოცდილებას ემყარებოდა. პროექტის დახმარებით შესაძლებელი გახდა პრობაციონერების გადამზადება მოთხოვნად სპეციალობებში, მათი დასაქმების ხელშეწყობა და გარკვეული საწყისი კაპიტალის გამოყოფა საკუთარი საქმის წამოწყების მიზნით. ხაზგასასმელია, რომ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია არა მხოლოდ პროექტში ჩართული ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ განმეორებითი დანაშაულის პრევენციის და ამდენად, საზოგადოების უსაფრთხეობასა და კეთილდღეობას ემსახურება“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირვლემა მოადგილემ თამარ ხულორდავამ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა შტეფან შტორკმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და საქართველოს ხელისუფლების მუშაობას აღდგენითი მართლმსაჯულების დანერგვის მიმართულებით. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში პრიორიტეტად არის აღიარებული.
პროექტის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის ბიუროს ხელშეწყობით 49 პრობაციონერმა ახალი სპეციალობა შეიძინა და ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკარი მიიღო, 33 პრობაციონერი დასაქმდა, ხოლო 8 მათგანმა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მცირე გრანტის სახით საწყისი კაპიტალი მიიღო.
პროექტის განხორციელებაში პრობაციონერებთან ერთად მათი ოჯახის წევრები, ასევე ყოფილი მსჯავრდებულები და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები იყვნენ ჩართულები, რაც თავის მხრივ ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრირებას უწყობს ხელს.
პროექტის სერვისებით სულ 150-მა პირმა ისარგებლმა, მათ შორის 122-მა მონაწილემ სხვადასხვა კურსი გაიარა და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი - ავეჯის ამწყობი, შემდუღებელი, ბიზნეს/ოფისის მენეჯერი. 55 ბენეფიციარი დასაქმდა, 23-მა კი 2000 ევრომდე ოდენობით მცირე გრანტი მიიღო მცირე ბიზნესის წამოწყების მიზნით.